მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს გერმანიაში დასაქმების პროგრამით 114 ადამიანი დასაქმდა - სააგენტო

6280eda128f38
მარიამ ვარადაშვილი
16.05.22 09:45
778
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან 13 მაისამდე გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამით ჯამში საქართველოს 114 მოქალაქე დასაქმდა.

სააგენტოს ცნობითვე, გერმანიასთან არსებული შეთანხმება, მიმდინარე წელს უკვე იძლევა შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში, დამსაქმებელმა სახელობითად, ინდივიდუალურად მოითხოვოს საქართველოს კონკრეტული მოქალაქის დასაქმება და დასაქმების მსურველთან პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს. ამ შემთხვევაში, ეს პირებიც ისარგებლებენ იმ პირობებით, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფოთა შორის შეთანხმება.

“ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ განსხვავებით დამკვიდრებული პრაქტიკისა, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, დასაქმების მსურველი პირების მხრიდან ხდება მხოლოდ საკუთარი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და ყველა სხვა მომსახურება უფასოა. შესაბამისად, დაუშვებელია რაიმე დამატებითი მომსახურების საფასურის განსაზღვრა ან მოთხოვნა. პროექტის წარმატებულ მიმდინარეობაზე, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ათობით მოქალაქემ მომართა სააგენტოს თხოვნით განმეორებით დასაქმებისათვის”,-აცხადებენ სააგენტოში.

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი.

დასაქმების პროგრამაზე საქართველოდან პირველი ჯგუფი აპრილში გაემგზავრა. გასული წლის მაისში გამგზავრებული ერთ-ერთი ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო.