მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ინვესტორებთან გავაფორმეთ 61 მემორანდუმი, რაც $704 მლნ-ის ინვესტიციას გულისხმობს - რომეო მიქაუტაძე

631ca24d0d0a3
BM.GE
10.09.22 18:39
719
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობამ 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან 61 ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რაც ქვეყანაში 704 მლნ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიციას და პოტენციურად 1,6 მილიარდ კვტ სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას გულისხმობს.

მისივე თქმით, სულ უფრო იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით. როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ინვესტორ კომპანიასთან თანამშრომლობით, მწვანე წყალბადის წარმოების საპილოტე პროექტი დაიწყო. „მოგეხსენებათ, მწვანე წყალბადი მომავლის ენერგიაა და ჩვენ გვაქვს ამბიცია, ავითვისოთ არა მარტო ჰიდრო და სხვა უკვე კარგად აპრობირებული და დამკვიდრებული მწვანე ენერგიები, არამედ, ფეხი ავუწყოთ მაღალ განვითარებულ ქვეყნებს ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ვითარების მიმოხილვისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბალანსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემებით, საერთო გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა 82%-ს მიაღწია, მათ შორის, თითქმის 42% მარეგულირებელ სადგურებზე მოვიდა.

„ელექტროენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით 2022 წელი, შეიძლება ითქვას, რეკორდულია მთელი რიგი პარამეტრებით: გასული 8 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ თითქმის 10 მლრდ. კვტ სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია. ის 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 13%-ით - 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. გარდა ამისა, 10 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამ, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 8%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. ამავე დროს, მისი თქმით, 32%-ით შემცირდა იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტმა 890 მლნ. კვტ სთ შეადგინა. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, 2022 პირველი წელია, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის.