მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ლიმონათის ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა გვქონდა - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

61ceefc95d9cd
ინგა მურუსიძე
06.01.22 09:00
1097
"ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი 2021 წელს საერთო ჯამში პოზიტიურად აფასებს, თუმცა განსაკუთრებით ხაზს უსვამს „ნატახტარის“ ლიმონათის მიმართულებით კომპანიის მიერ მიღწეულ შედეგებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც შეიძლება 2021 წელს ჩაითვალოს, ლუდს არ უკავშირდება, თუმცა პირველად საქართველოს ისტორიაში მივაღწიეთ 43 მლნ ლიტრი ლიმონათის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში. მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით დაახლოებით 15 მლნ ლიტრით არის გაზრდილი. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია“, - ამბობს ხუნძაკიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ წელს პირველად, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ლიმონათი პირდაპირი გზით გავიდა ბრიტანეთსა და ესპანეთში.

„აქამდე ჩვენი პროდუქცია მიდიოდა ევროპაში და ამ ქვეყნებში [ბრიტანეთი, ესპანეთი] იქიდან ნაწილდებოდა, თუმცა ახლა პირდაპირი დილერი შევარჩიეთ, რომელიც პარტნიორობას გვიწევს და ექსპორტიც პირდაპირი გზით ხორციელდება. 2022 წელს ამ ქვეყნების მიმართულებით მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ფიქრობს, რომ 2022 წელს პანდემია ისევ გამოწვევა იქნება, თუმცა ბიზნესიც და საზოგადოებაც უკვე შეეჩვია ვირუსთან ერთად ცხოვრებას.

„პანდემია სერიოზული გამოწვევაა, თუმცა სასმელების ინდუსტრიას არაპირდაპირ უფრო ეხება ეს ყველაფერი, მაგალითისთვის განკარგვადი შემოსავლის ნაკლებობა, ლოქდაუნები, რომელიც ღირებულებას გვაკლებს და ა.შ. თუმცა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ლოქდაუნები და ჩაკეტვები აღარ იქნება. უნდა ავიცრათ, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ“, - თქვა ხუნძაკიშვილმა.