მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს მანდარინის რეალიზაციის პრობლემა არ გვექნება"- ფასი 0.60 ლარიდან 1.5 ლარადე მერყეობს

5dd55b0653a34
თათია ჩაფიჩაძე
21.11.19 09:00
1867
„წელს მანდარინის რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ შეგვექმნება“ - ეს განცხადება BM.GE-თან საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვადასხვა ბაზრებზე 1000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული, ფასი კი 60 თეთრიდან 1.5 ლარადე მერყეობს.

„ამ ეტაპზე 1000 ტონამდე მანდარინია ექსპორტირებული. ხარისხობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესი პროდუქციაა და ჩვენ იმედი გვაქვს რეალიზაციის პრობლემები არ შეგვექმნება. მოლოდინია, რომ როგორც ატმის და ყურძნის დაბინავების პროცესი დასრულდა წარმატებით, ციტრუსოვანი კულტურებისთვისაც ეს სეზონი ჩაივლის წარმატებულად.

ჩვენი დამოკიდებულება დიდწილად იყო ტრადიციულ ბაზრებზე - ეს იყო რუსეთი და უკრაინა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ბელორუსში გაჩნდა ინტერესი და იმედი გვაქვს, რომ აქ დალაგდება ლოჯისტიკური საკითხები და ქართული მანდარინი იქაც დაიკავებს ადგილს. ის ამოცანები, რომლებიც უკავშირდებოდა შეფუთვას, სწორად მიწოდებას, გადავწყვიტეთ და დღეს ქართული მანდარინი ისეთივე თანამედროვე ფორმით არის მიწოდებული ბაზარზე, როგორიც სხვა მწარმოებელი ქვეყნების. ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად პოლონეთში გვქონდა შარშან საცდელი პარტიები და წარმატებით ჩაიარა. ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებები იქნება მზარდი და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა დავითაშვილმა.