მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 90 მილიონს ელის - რა ქონებაა გაყიდული 6 თვეში?

5f243c4d36d16
თელარა გელანტია
31.07.20 22:20
1291
„პრივატიზაციის ორი გეგმა სახელმწიფო ქონების სააგენტოში - ოფიციალური და შიდა“, - ეს მასალა bm.ge-მ მაშინ მოამზადა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ თანხაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი/ინფორმაცია რამდენიმე მილიონი ლარით განსხვავდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მოცემული რიცხვისგან.

კერძოდ, სააგენტოს facebook-გვერდზე ეწერა, რომ არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 32,500,000 ლარს შეადგენდა და წლის სამ თვეში პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ გეგმა 134.25%-ით შესრულდა.

თუმცა თემაზე მუშაობისას bm.ge-მ აღმოაჩინა, რომ 2020 წლის პირველი სამი თვის გეგმად სახელმწიფო ბიუჯეტში მითითებული იყო არა 32.5 მლნ ლარი, არამედ თითქმის 10 მლნ-ით ნაკლები - 23 მლნ და, შესაბამისად, კვარტლური გეგმა 192%-ით შესრულდა.

ჩვენ დავინტერესდით, რომელი იყო ნამდვილი გეგმა და რატომ გამოაქვეყნა ქონების სააგენტომ facebook-გვერდზე სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშში მოცემული რიცხვისგან განსხვავებული ინფორმაცია; მაშინ გიორგი დუგლაძის უწყება შეეცადა, დავერწმუნებინეთ, რომ სააგენტოში ორი გეგმა ჰქონდათ - შიდა და გარე. „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის I კვარტალისთვის არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი წარმოადგენს 23 000 000 ლარს, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შიდა სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმა უფრო მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც 32,500,000 ლარს წარმოადგენდა, აღნიშნული 134,25%-ით შესრულდა და ინფორმაცია განთავსდა სააგენტოს ვებ-გვერდზე”, - აცხადებდნენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის შიდა გეგმის შესახებ ქონების სააგენტოს ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, ჩვენ მისი გადამოწმება არ შეგვიძლია.

Bm.ge, ასევე, დაინტერესდა, პირველ კვარტალში ბიუჯეტში მობილიზებული 43, 633, 544 ლარი ნიშნავდა თუ არა უშუალოდ იანვარ-მარტში ქონების სააგენტოს მიერ გაყიდული ქონებიდან მიღებულ შემოსავალს, გავარკვიეთ, რომ - არა.

როგორც გიორგი დუგლაძის უწყებიდან გამოთხოვილი კიდევ საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პირველ კვარტალში სააგენტოს მიერ გაყიდული ქონების ღირებულება 20 075 950 ლარია. რაც შეეხება მეორე კვარტლის მაჩვენებლებს, ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ აპრილ-ივნისში ქონების სააგენტომ 15 926 700 ლარის ქონება გაყიდეს. ჯამურად, 2020 წლის 6 თვეში ქონების სააგენტომ ელექტრონული აუქციონის გზით 36 002 650 ლარის ქონების პრივატიზაცია მოახერხა, თუმცა ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ბევრად მეტია.

კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში 57 მლნ 115 ათასი ლარია მობილიზებული, რაც საპროგნოზო მოცულობის (56 მლნ 453 ათასი ლარი) 101.2%-ია, თუმცა აღნიშნული უშუალოდ წლის პირველ ნახევარში პრივატიზებული ქონების ღირებულებას არ ნიშნავს, რადგან შესაძლოა, 2019 წლის ბოლო თვეებში გაყიდული სახელმწიფო ქონებიდან თანხები 2020 წლის დასაწყიში ჩაირიცხა.

ცნობისთვის: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის მიხედვით, წელს მთავრობას პრივატიზაციიდან 130 მლნ ლარის მობილიზება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ covid-19-ის გამო, აღნიშნული მიზანიც, ისევე, როგორც სხვა საბიუჯეტო პარამეტრები, 90 მლნ ლარამდე შეამცირეს.