მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქართულმა ბანკებმა 1.64 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

61715f9d69d5e
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.21 00:00
1386
საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის პირველ ცხრა თვეში 1.64 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს. ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა.

ბანკების მოგება ეროვნული ბანკის პროგნოზთანაც თანხვედრაშია, რადგანაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ წელს ქართული საბანკო სისტემა "საკმაოდ სოლიდურ მოგებაზე გავა".

კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი - 178 მილიონი ლარი;
აგვისტო - 233.1 მილიონი ლარი;
სექტემბერი - 171.2 მილიონი ლარი.

მთლიანობაში 2021 წლის 9 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 4.42 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 25%-ით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 3.01 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.81 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 18%-ით გაიზარდა და 1.21 მილიარდი ლარი შეადგინა.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 343 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 48%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 960 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 554 მილიონი ლარი დახარჯეს.

ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 577 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 14%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.83 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 192.5 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.64 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ ნაწილდება ეს ფინანსური მაჩვენებლები კონკრეტული ბანკების მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.