მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით გაუმჯობესება გვაქვს“ - ანდრო ჯიშკარიანი

63d3852ace622
თათია კაკიაშვილი
27.01.23 16:46
452
“სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, 2022 წელს, გასულ ორ წელთან შედარებით, გაუმჯობესება გამოიკვეთა, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება სახელმწიფოს მხრივ, იგივე ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან, მიზნობრივ ბაზრებზე ამ მიმართულებით სარეკლამო კამპანიების წარმართვა ხდებოდეს,“ - ამის შესახებ BMG-ის "Legends წყალტუბოს სპა-რეზორტის" დამფუძნებელმა ანდრო ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სამედიცინო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ყაზახეთის, პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ ევროპის და გალფის ქვეყნების მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოიყვანოს. თუმცა ამისთვის სფეროს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

“სამედიცინო-ბალნეოლოგიურ ტურიზმს არ გააჩნია სეზონურობა, ანუ მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები შედარებით გრძელი ვადით ჩამოდიან. ვფიქრობ, სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ საინტერესო მიმართულება უნდა იყოს. ამ მიმართულებას სჭირდება ცალკე სარეკლამო კამპანიების წარმართვა და მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის პოზიციონირება ზუსტად ამ ნიშაში,” - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა და დასძინა, რომ ამ მხრივ, დღეს მსოფლიოში წამყვან ადგილზე თურქეთი პოზიციონირებს, ხოლო საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული პრობლემები, ასევე მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი.

„საქართველოში ბალნეო მიმართულება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ცნობილი და, ამ მხრივ, ბუნებრივი რესურსებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. სამედიცინო ტურიზმს რაც შეეხება, ეს ჩვენთვის ახალი პროდუქტია და უკვე არსებობს ბაზრები - ისრაელი, თურქეთი, სადაც ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც სხვა მიმართულებებში, ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველა მხრივ - მათ შორის, მარკეტინგი, ინფრასტრუქტურა, ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ., იმისთვის, რომ მოწინავეობაზე გვქონდეს საუბარი,” - დასძინა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, უცხოელ ტურისტს საქართველოში ბალნეოლოგიური მიმართულებით ჩამოსვლა 10-დღიანი პაკეტის შემთხვევაში, საშუალოდ $1300-$1500 უჯდება, რაც განვითარებად ქვეყნებთან და განსაკუთრებით თურქეთთან შედარებით, დაახლოებით $700-$500-ით ნაკლები ხარჯია.