28.თებერვალი .2020 09:45

წელს საქართველოს მარკეტინგული კამპანიისთვის 22.6 მლნ იხარჯება - რუსეთში - 0 ლარი

views 544
უკან

2019 წლის ივლისში ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, საქართველოს „დასჯის“ მიზნით, რუსეთის მიერ ამოქმედებული ავიასანქცია დღემდე ძალაშია. ამ პერიოდში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტის ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ რაოდენობრივად კლება არ დაფიქსირებულა. მიმდინარე წლის იანვარშიც რუსეთიდან საქართველოს 85,922 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.10%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის გამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

ამ მხრივ, 2019 წელი იყო პირველი „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, როცა ტურიზმის ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე ფული არ დაუხარჯავს. როგორც გავარკვიეთ, მარიამ ქვრივიშვილის უწყება რუსეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის ფულს არც წელს დახარჯავს; ავიასანქციების პირობებში ამას აზრი არც აქვს.

„რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია და ქვეყანა სწორედ არის პოზიციონირებული, როგორც ტურისტული მიმართულება, შესაბამისად, ადმინისტრაცია 2020 წელს არ გეგმავს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას“, - უთხრეს bm.ge-ის ადმინისტრაციაში.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული აქტივობებისთვის 22 621 300 ლარს დახარჯავს.

სამიზნე ქვეყნები:, ქუვეითი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, გაერთიანებული საემიროები, ყატარი; ომანი; გერმანია; საფრანგეთი; ისრაელი; დიდი ბრიტანეთი; პოლონეთი; ლატვია; ლიეტუვა; ესტონეთი; უკრაინა; ესპანეთი; იტალია; ამერიკა; იაპონია/კორეა; ყაზახეთი ; უზბეკეთი; დანია; შვედეთი; ფინეთი და ნორვეგია.

რაც შეეხება მარკეტინგული აქტივობების სახეებს, ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სამიზნე ბაზრისათვის მორგებულ საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებენ.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ეფექტიანი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიები განახორციელოს მაღალგადახდისუნარიან ბაზრებზე, ისეთი როგორიცაა, მაგალითად: ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები (აშშ, კორეა, იაპონია და ა.შ.), სპარსეთის ყურის, ევროკავშირის და სკანდინავიის ქვეყნები. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს პოზიციონირება იგეგმება მარკეტინგული კამპანიების განხორციელების გზით, ქვეყნების სპეციფიკიდან გამომდინარე ადმინისტრაცია გამოიყენებს კონკრეტული სამიზნე ბაზრისათვის მორგებულ საკომუნიკაციო არხებს (ბეჭდურ მედიას და ონლაინ პლატფორმებს)“, - განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა