მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში საფრანგეთიდან სულ $4 მლნ-მდე ინვესტიცია შემოვიდა - დარგები

61a0920a9a821
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.21 12:00
759
16 ნოემბერს საქართველოს ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების MEDEF International-ის დელეგაცია სტუმრობდა, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა ფრანგ ინვესტორებს ქვეყნის „საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო“ და უცხოელ ინვესტორებს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი ფრანგი ბიზნესმენები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველო ფრანგული კომპანიებისთვის, ტრადიციულად, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია, რისი დასტურიცაა ის, რომ დღეისთვის ქვეყანაში 350-ზე მეტი ფრანგული კაპიტალით შექმნილი კომპანია ოპერირებს, ხოლო საფრანგეთი ევროპულ ქვეყნებს შორის მეშვიდე ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს. ფრანგ ინვესტორებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეს-რელიზების სახით მთავრობის ადმინისტრაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელეს.

BM.GE დაინტერესდა 2021 წლის პირველ ნახევარში რა მოცულობის ფრანგული ინვესტიცია ჩაიდო საქართველოში და  რომელ დარგებსა და კომპანიებში. აღსანიშნია, რომ არც 2019-2020 წლებში და არც 2021 წლის პირველ 6 თვეში საფრანგეთი ინვესტორი ქვეყნების TOP-ათეულში არ იყო. ეს საქსტატის მიერ ამავე წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს. 2019 წელს ქვეყანაში საფრანგეთიდან 20.114 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო 2020 წელს - 11.780 მლნ დოლარის.

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ივნისში სხვადასხვა დარგში განხორცილებული ფრანგული ინვესტიციის მოცულობას, წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ჯამში, 3.967 მლნ დოლარის FDI ჩაიდო, რაც 2019 წელს ანუ პანდემიამდე შემოსული FDI-ის მოცულობაზე 30.8%-ით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 100.5%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მეტი ინვესტიცია, უძრავი ქონების სექტორშია შემოსული. დარგების მიხედვით კი, საფრანგეთიდან შემოსული ინვესტიციის განაწილება ასეთია:

1. უძრავი ქონება - 2.065 მლნ დოლარი;
2. დამამუშავებელი მრეწველობა - 604.6 ათასი დოლარი;
3. სასტუმროები და რესტორნები - 563.8 ათასი დოლარი;
4. ტრანსპორტი - 211.7 ათასი დოლარი;
5. სოფლის მეურნეობა და თევზჭერა - 40 ათასი დოლარი;
6. მშენებლობა - 17.6 ათასი დოლარი

დანარჩენი სექტორებში, რაც ვაჭრობას, განათლებას, კომუნალურ, სოციალურ და პერსონალური მომსახურებას, სამთომოპოვებით მრეწველობას, კავშირგაბმულობას მოიცავს, შემოსული FDI 491 ათას დოლარს შეადგენდა.

შესაბამისად, საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, I-II კვარტალში, თითქმის 4 მლნ დოლარის ფრანგული ინვესტიცია საქართველოში მოქმედ 25 კომპანიაში ჩაიდო, რომელთა ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.