მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წლის 30%-ს მიაღწევს - Fitch

60279e65e9fd0
თელარა გელანტია
13.02.21 13:44
1055
გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 30%-ით აღგება, 2022 წელს კი 80%-მდე გაიზრდება.

ამის შესახებ Fitch-ის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, რომლის თანახმად, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს - 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება.

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ ნეგატიური პერსპექტივა ასახავს კორონავირუსის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. „პანდემია იწვევს საქართველოს მცირე და ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას“, - წერია ანგარიშში, სადაც, ასევე, მინიშნებაა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის დიდ წილზე.

ამასთან, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს.

„საქართველოს მშპ-ის ზრდის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შიდა მოხმარების ზრდა; ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო საჯარო ინფრასტრუქტურაში ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის ხარჯვა, ინვესტიციებს წაახალისებს, მიუხედავად კერძო სექტორის ნელი ტემპით აღდგენისა“, - წერია ანგარიშში.

ამასთან, Fitch-ის პროგნოზითვე, მთავარი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან საქონლის წმინდა ექსპორტი უნდა გაზარდოს, თუმცა სარეიტინგო კომპანია მიუთითებს იმაზეც, რომ ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა მომსახურების ექსპორტის აღდგენის შემზღუდველ ფაქტორად რჩება.

„ჩვენ ველით, რომ 2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 30%-ით აღგება, 2022 წელს კი 80%-მდე გაიზრდება“, - წერია ანგარიშში.

შეგახსენებთ: შარშან ტურიზმის სექტორის დანაკარგი $2.7 მილიარდზე მეტი იყო, რადგან 2019-ში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ 269 მილიონის შემოსავალი მიიღო, შარშან კი, მხოლოდ - $541.7 მლნ.

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში „ლოქდაუნის“ დაწესებამდე იმყოფებოდა. შედარებისთვის, 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონი შეადგინა.