მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wely.me-ს გონიერი მრიცხველი

5e0864a65de7c
თელარა გელანტია
30.12.19 09:45
1211
"ველი" გონიერი მრიცხველია – ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების ერთიანი სისტემა, რომლითაც შენობის დისტანციური მონიტორინგი, მართვა და კონტროლია შესაძლებელი. კომპანია „ველი“ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა და მათი მთავარი მიზანია, Wely.me-ს მინიმოწყობილობით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე, შენობის მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით, ახალი სიტყვა თქვან. ანუ ე.წ. HVAC, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, კონდიცირება, ლიფტებისა და ესკალატორების მართვა, დაშვების სისტემები სხვადასხვა ზონაში, სიგნალიზაციის მართვა და ზოგადად, უსაფრთხოება – ეს პროცესები მომხმარებლებმა მაქსიმალურად მარტივად მოაგვაროს.

„ველის“ მოწყობილობების სპექტრი მოიცავს ისეთი მონაცემების მოპოვებას, როგორიცაა: ჰაერში მტვრის ნაწილაკების პროცენტულობა, განათებულობის დონე, ბუნებრივი გაზის გაჟონვის დაფიქსირება, ტემპერატურა, ტენიანობა და მრავალი სხვა.

„ველი აკეთებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთლიანად ქლაუდ სერვერსა და სისტემაზეა დაფუძნებული, წვდომა კი, ნებისმიერი ადგილიდან და მოწყობილობიდან არის შესაძლებელი. ამისათვის ვებ ბრაუზერის ქონაა საჭირო. შედეგად მომხმარებელი იღებს მასზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ინფორმაციის ანალიზით იღებს ეფექტურ და სწორ გადაწყვეტილებებს თანამშრომლების გარემოს გასაუმჯობესებლად, ქმნის უსაფრთხო, კომფორტულ და გონივრულ სივრცეს“, - აცხადებს bm.ge-ისთან საუბარში „ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა კვარაცხელია.
კომპანიის მიზანია, ყველა შენობა (იქნება ეს ბიზნეს დაწესებულება, საცხოვრებელი სახლი, ქარხანა, სათბური და სხვ.) გახადოს ენერგოეფექტური და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით აღჭურვილი.

„რამდენიმე ტიპის პროდუქცია გვაქვს. პირველი და მთავარი, ეს არის ჰაბი – ყველაფრის მმართველი. დიდი შენობების პირველ სართულზე ვაყენებთ და ის ყველა დანარჩენ სენსორს და მართვის ელემენტებს უკავშირდება. დანარჩენი მოწყობილობები კი, ჭკვიანი მრიცხველებია“, - აცხადებს კვარაცხელია.

„ველის“ ორწლიან შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. კომპანია „თიბისის 2019 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე“ ნომინაცია - „საუკეთესო ინოვაციური პროდუქტის შექმნისთვის“ ერთ-ერთი კონკურსანტი იყო და გამარჯვებაც მოიპოვა. დაჯილდოებაზე სულ 364 კომპანია მონაწილეობდა.

„გარშემო ძალიან ბევრი მოიხიბლა ჩვენი საქმიანობით და ამიტომაც გვქონდა იმედი ამ ნომინაციაში გამარჯვების. საკმაოდ რთულ საქმეს ვაკეთებთ. არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ძალიან ცოტა ადამიანია ვინც შენობის მართვის სისტემებს ქმნის. ძალიან სპეციფიური საქმიანობაა, ამიტომ ჩვენნაირი სტარტაპებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მითუმეტეს გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან დიდი, გლობალური წარმატება ელოდება ამ პროდუქტს. ვფიქრობთ, 2020 წლიდან აქტიურად დავიწყებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას“, - ამბობს „ველის“ დამფუძნებელი.