22.აგვისტო .2019 11:39

წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ხაზარაძე–ჯაფარიძის დახმარებას ედავება

views 187
უკან

"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურატურა წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

როგორც BM.GE–ს პროკურატურაში განუცხადეს, წერეთელი უწყებაში დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 19:00 საათზე დაიბარეს.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის: ავთანდილ წერეთელი "TV პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის მამაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა