02.სექტემბერი .2019 18:11

წერილი, რომელიც დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, პროკურატურისგან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მიიღეს - ფოტო

views 2761
უკან

Bm.ge-ს ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც დიპკორპუსის წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, პროკურატურისგან თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიიღეს.

წერილის გამგზავნი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იწვევს 6 სექტემბერს, 16:00 საათზე მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე. ელექტრონულ ფოსტაში მითითებულია, რომ შეხვედრაზე 2 საერთაშორისო დონის ექსპერტი: პოლ კოფი და მოშე ლადორი წარმოადგენენ მათ მიგნებებს თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეზე, რომელიც ბოლო პერიოდში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი გახდა.

მეილში მითითებულია, რომ შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეც დაესწრება. საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

წერილი გრძელდება საერთაშორისო ექსპერტების წარდგენით. აქვე მითითებულია, რომ შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა პასუხი 2 სექტემბერს არაუგვიანეს 18:00 საათისა უნდა დაადასტურონ. წერილის ავთენტურობაზე bm.ge პროკურატურას დაუკავშირდება.




აღნიშნულ შეხვედრაზე განცხადება დღეს თავად ხაზარაძე-ჯაფარიძემ გაავრცელეს. ისინი აცხადებდნენ, რომ “აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას”.

“ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”,- ნათქვამი იყო განცხადებაში.

bm.ge-ს ინფორმაციით, ამ განცხადების გავრცელების შემდეგ დიპკორპუსის წარმომადგენლებმა კვლავ მიიღეს მეილი, რომ შეხვედრა "ლოჯიტიკური პრობლემების" გამო სექტემბრის ბოლომდე გადაიდო.



მოგვიანებით ხაზარაძე- ჯაფარიძეს თავად პროკურატურამ უპასუხა. საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ “აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები”.

bm.ge პროკურატურას დამატებით განმარტებისთვის დაუკავშირდა - კერძოდ, საინტერესოა, რას გულისხმობს უწყება: ანუ უარყოფს ამ კონკრეტულ რიცხვში დაგეგმილ შეხვედრას თუ დახურულ ფორმატს? ამასთან, რა ფორმატში მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პროკურატურაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

“გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები”,- ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ექსპერტები, რომლებზეც დიპლომატიური კორპუსისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი, პროკურატურას სხვა წლებშიც ჰყავს მოწვეული სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თემა, 2007 წლის 7 ნოემბრის საკითხსა და ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე.

ე.წ. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ “აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს”.

მოშე ლადორი – იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმის წარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;

პოლ კაფი – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა