მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეც შემიძლია „კოკა-კოლა“ მარტო ვმართო, მაგრამ შედეგი რა მექნება? – თემურ ჭყონია

5fa441c531f53
თამთა ჯიჯავაძე
05.11.20 23:10
4308
"ჩვენი მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს, არჩევნებში მონაწილე პარტიებში ინტელექტუალური ძალების გაერთიანება, რომ მივიღოთ კარგი შედეგი", – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, სისტემის შეცვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ შეიქმნებოდა კოალიციური მთავრობა.

„დღევანდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებში უამრავი საინტერესო პროგრამა არსებობდა, ძალიან საინტერესო ეკონომისტები გამოჩნდნენ, როგორც ახალგაზრდები, ისე ძველებმა წარმოაჩინეს თავი. ესე იგი საქართველოში არსებობს ინტელექტუალური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობის მიღება. კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს რომელიღაცა უპირატესმა პარტიამ, ვინც გამარჯვებს. რა უშლის გამარჯვებულ პარტიას, ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა. რა პრობლემაა? ჩვენ გვაინტერესებს, რომ კოალიციური მთავრობა იყოს ჭკვიანი ადამიანების შემადგენლობა და არა - ძალთა გადანაწილება. დღესაც შეიძლება ეს მოხდეს. რატომაა აუცილებელი, რომ მარტო ჩამოვაყალიბოთ მთავრობა?! კი, შეიძლება მარტომაც ჩამოაყალიბო მთავრობა... მეც შემიძლია მარტო ვმართო „კოკა-კოლა“, მაგრამ შედეგი რა მექნება?! პრობლემა არ არის“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

კითხვაზე - რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას შექმნილ ვითარებაში, თემურ ჭყონიამ უპასუხა:

„ამ შემთხვევაში ვთქვათ უპირატესობა აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ აიღოს თავის თავზე... დასვას ეს ხალხი, ჭკვიანი ხალხი და მათთან ერთად იმსჯელოს ქვეყნის მომავალზე. შეიძლება ეს ამბავიც მოხდეს, რა არის ამაში ცუდი? დღევანდელი გამოსავალი არის კონსენსუსის ნახვა, ერთმანეთის პატივისცემა და ინტელექტუალური ძალების გაერთიანება, რომელიც ქვეყანას შეიძლება გამოადგეს. ჯიბრით საქმე არ კეთდება, გონიერებაა მთავარი. გონებაა მთავარი და არა - გულისთქმა. გონიერება გვჭირდება და არა პრინციპში და ჯიბრში ჩადგომა, აბა ვინ გადაწონის, აბა 500 კაცი... 1000 კაცი... 2000... აბა მიტინგი... შეიძლება, ცივილიზებულად დასხდნენ და იმსჯელონ, რა გამოადგება ქვეყანას. მე სულ ვამბობ, რომ საქართველო შეიძლება არ იყოს ძალიან მდიდარი, მაგრამ შესაძლებელია, რომ შეძლებული იყოს".

ამასთან, როგორც მან განაცხადა, ყველას საარჩევნო პროგრამაში არსებობს რაღაც ისეთი, რომელიც გამოდგება და არ შეიძლება ყველა პროგრამა იყოს ცუდი. მისივე თქმით, მიზანია, სახელმწიფო და ქვეყანა იყოს მდიდარი.

„არჩევნების დროს ჩვენ დავინახეთ, რომ გამოჩნდა უამრავი ახალგაზრდა, უამრავი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. რა უნდა იყოს მათი მიზანი?! - არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ თავისი ცოდნის რეალიზება იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს. ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა მცოდნე ადამიანი თავისი ცოდნის რეალიზებას აკეთებს და შედეგს ხედავს. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ყველა და არა იმაზე, ვინ იქნება მინისტრი“, – დასძინა ბიზნესმენმა.