მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრილებისთვის ბენეფიტებზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც 60-70 ათასი მოქალაქე აიცრება - გამყრელიძე

60acc77717f5b
ინგა მურუსიძე
25.05.21 21:00
686
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდ-აცრილებისთვის ბენეფიტებზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც 60-70 ათასი მოქალაქე ორივე დოზით აიცრება.

გამყრელიძის თქმით, NCDC-ის რეკომენდაციები ამ საკითხზე უკვე გაწერილია.

„საუბარი იქნება სავარაუდოდ პირბადესთან მიმართებაში, თუმცა ამისთვის უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის 20% უნდა იყოს აცრილი, როცა გარე სივრცეებში პირბადეების მოხსნის საკითხზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ ბენეფიტებზე საუბარი მიდის, თუმცა ამ ეტაპზე არა, რადგან ჯერჯერობით სულ 17 ათასი ადამიანია აცრილი.

„ივნისის შუა რიცხვებში სავარაუდოდ გვეყოლება ორჯერადად აცრილი 60-70 ათასი ადამიანი და ეს საკითხი შემდეგ უფრო აქტუალურად დადგება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საკითხის კომენტირებისას რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა ბენეფიტებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვაქცინაციის ზღვრულ რაოდენობას მიაღწიეს.

„ჩვენც დაგვჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ მოვემზადოთ ამ პროცესისთვის. დღეს, საბედნიეროდ, ვაქცინაციის პროგრამას ჰყავს ბევრი მსურველი. ვაქცინაციის კამპანიაში ბენეფიტისთვის არავინ მოდის“, - განაცხადა გაბუნიამ.