მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ხარბია ფარმაბიზნესი - კონკურენციის სააგენტოს ძირითადი დასკვნა მზად აქვს

61307c12f09bf
ელენე გოგბერაშვილი
02.09.21 13:40
1449
საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფზე, მათ შორის ფასები გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. თუ მედიკამენტების ფასების დეტალურ ინდექსს გადავხედავთ, ყველაზე მეტად ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისხლძარღვების გამაფართოვებელ მედიკამენტებზეა გაზრდილი. ზრდა 30%-ს შეადგენს. 26%-ით არის გაძვირებული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ის, რომ „მოქალაქეები და სახელმწიფო მედიკამენტების ფასების მძევლად იქცა“ და ამ მხრივ შესაძლოა მთავრობამ მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღოს, ამის შესახებ ბოლო პერიოდში პირველად 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ალაპარაკდა.

ეკატერინე ტიკარაძის შემდეგ უკვე პრემიერი მინისტრი „არსებულ მოსაზრებებზე“ დაყრდნობით ამბობს, რომ "ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია".

„წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა. მე უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ის შუალედური მონიტორინგის ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს მომავალში. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შემდეგ უკვე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული ის მაღალი ზრდა“, რაც მედიკამენტებზე ფიქსირდება.

იმას, რაზეც მთავრობის წევრები საუბრობენ, არგუმენტირებული პასუხი კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ბაზრის მოკვლევა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და კონკრეტული შედეგები გასული წლის ბოლოს უნდა დაედო, თუმცა როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, ამ პროცესში ხელი პანდემიამ შეუშალათ, ამიტომ საბოლოო შედეგის გამოქვეყნებისთვის კიდევ ერთი წელი დასჭირდათ.

სანამ ბაზრის მონიტორინგის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, უახლოეს მომავალში კონკურენციის სააგენტო შუალედურ მოკვლევას გაასაჯაროებს.

როგორც bm.ge-ს წერილის პასუხად გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს უკვე მზად აქვს მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.

„შუალედური ანგარიში ცნობილი გახდება დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად გვაქვს.

პრაქტიკულად, დამუშავებულია საქართვლოს ბაზარზე მოქმედი ყველა ძირითადი მოთამაშის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანიების მონაცემები. პერიოდი 2016-2020 წლებს მოიცავს.

შეფასებული იქნება ბაზარზე არსებული ვითარება, კომპანიების პოზიციები ბაზარზე და ბაზრის არსებული სტრუქტურის გავლენა ფასწარმოქმნაზე. ასევე, შერჩეული გვაქვს 6 ძირითადი მედიკამენტის ჯგუფი და თითოეული მათგანზე წარმოდგენილი იქნება ფასწარმოქნის ანალიზი. მონიტორინგი მოიცავს კანონმდებლობის ანალიზს და შეფასებას კონკურენციის ჭრილში. გამომდინარე აქედან, წარმოდგენილი იქნება ჩვენი რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მექანიზმებს”, - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.

სააგენტოს შედეგების მოლოდინშია ფარმაცევტული სექტორიც. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განგვიცხადეს, კომპანიებმა სააგენტოს მოთხოვნილი, საკმაოდ სოლიდური ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა შედეგების გამოქვეყნების ზუსტი დრო მათთვისაც უცნობია.

რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტების რამდენიმე ასეული პროცენტის ფასნამატით რეალიზაციის შესახებ მთავრობის წევრების განცხადებებს, ასოციაციაში კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის გასაჯაროვებამდე საპასუხო კომენტარისგან თავს იკავებენ.

რამდენად ხარბია ფარმაბიზნესი? - ელენე კვანჭილაშვილის #ანალიტიკა