მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის აღმასრულებელ დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს - მარიანა მორგოშიას ხედვა

60d44a9e92be3
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 13:43
1264
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე მარიანა მორგოშია დღეს „საქმიანი დილას“ ეთერში წარადგინა.

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მარიანა მორგოშია ასოციაციაში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და მრეწველობის მიმართულებებს გაუწევს კოორდინაციას.

„ცვლილებები ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ BAG ორგანიზაციულად გაძლიერდეს, უფრო მეტად სექტორულად იყოს წარმოდგენილი და დისკუსიის და ჩართულობის უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს. მარიანა მორგოშია ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იქნება და კონკრეტულ, სექტორულ მიმართულებებს გაუძღვება, მათ შორის არის ტურიზმი; ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გარდა ამისა, ჯანდაცვის მიმართულება დღეს პანდემიის პირობებში ჩვენი წევრებისთვის გამოწვევას წარმოადგენს; ამასთან, მარიანა მორგოშია რჩება იმ პოზიციაზე, სადაც იყო, ის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია და შესაბამისად, ჩვენთან ამ მიმართულებასაც ჩაიბარებს და გაუძღვება“, - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. 

„ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან გამოწვევებს შეეჯახა და ხალხმა, რომელიც ამ ინდუსტრიაში იყო დასაქმებული, სამსახური დაკარგა და სხვა დარგებში დასაქმდა. ახლა როდესაც იხსნება რეგულაციები, ბიზნესსუბიექტებს საკმარისი რაოდენობის პერსონალი არ ჰყავთ. ამ პრობლემატიკის ორ ჭრილში განხილვა შეგვიძლია, ერთი მოკლევადიანია და სასწრაფოდ გადაწყვეტას საჭიროებს. ამ მიმართულებით სასწრაფოდ არის სამუშაო, რათა ეს დეფიციტი შეივსოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაოა განათლების და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომისიის წევრ კომპანიებთან და მათი დახმარებით მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით იმ მექანიზმების შემუშავებას, რომლის მიხედვით, ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიანა მორგოშიამ, გაერთიანების წევრ კომპანიებზეც ისაუბრა („ჰაიდელბერგი“, „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“, „ჯეოსთილი“, „კნაუფი“, „კაპაროლი“) და აღნიშნა, რომ ასოციაცია ადგილობრივი მწარმოებლების ადვოკატირებით არის დაკავებული.

„მწარმოებელთა ასოციაცია დახურულია და ჩვენს წევრებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ ინფორმაციის მოძიების თვალსაზრისით, ბიუროკრატიული მექანიზმების გათვალისწინებით, იმისთვის რომ უფრო სწრაფად მივიდეს ადრესატამდე ჩვენი ტკივილი და ჩართული ვართ ნებისმიერი რეფორმის დანერგვის პროცესში, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი ახორციელებს“, - განმარტა მარიანა მორგოშიამ.

თავის მხრივ, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესასოციაციაში მწარმოებლების ნაწილი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

„მწარმოებლებს, ცალკე განსაკუთრებული პრობლემები აქვთ, რომლის წარმოდგენა და დაცვა ჩვენნაირი ასოციაციის მთავარი ფუნქციაა. მარიანა მორგოშიას მოსვლა ჩვენს გუნდში ნიშნავს, რომ მწარმოებელთა ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ასოციაციისთვის“, - თქვა მან და დასძინა რო,  სხვადასხვა რეფორმის განხორციელების პროცესში მთავრობის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს.