მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრიპის ვაქცინის 25,000 დოზა საქართველოშია“ – ვინ აიცრება პირველ რიგში?

5f8414eac92b4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 13:00
2617
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს საქართველომ ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის 25 000 დოზა მიიღო. მისი თქმით, ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილდა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 135 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და დანარჩენი 110 000 დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა.

„პირველ ეტაპზე, ვაქცინის 25 000 დოზას, რომელიც უკვე საქართველოშია, რისკ-ჯგუფებისთვის გამოვიყენებთ და პირველ რიგში, პოლიკლინიკებში აიცრებიან ორსული ქალბატონები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაგა-ბაღების მასწავლებლები და მომვლელი პერსონალი; ასევე შიდსიანი ავადმყოფები, ვინც მკურნალობაზე იმყოფება; C-ჰეპატიტიანი ავადმყოფები, დიალიზიანი ავადმყოფები... 23 ოქტომბერს -  მეორე პარტიის შემოსვლის შემდეგ კი აიცრებიან დანარჩენი რისკ-ჯგუფები: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებები - მხედველობაში მაქვს რესპირაციული დაავადებების მქონე პირები, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სახელმწიფო დამატებით, 100 000 გრიპის ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით 100 000 დოზის მობილიზება შევძლოთ, რომლის შემოსვლის ალბათობა ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის შუა რიცხვებია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, სამჯერ მეტი მოქალაქე აიცრება.