მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ტურიზმი 2019 წლის 25%-ის დონეზე აღდგება - TBC Capital

60506e54a9efb
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.21 12:40
1061
წელს საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმი, სავარაუდოდ, 2019 წლის 25%-ის დონეზე აღდგება - ამის შესახებ პროგნოზს “თიბისი კაპიტალი” აკეთებს. ორგანიზაციის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა 2022 წელს დაჩქარდება და ის 2019 წლის დონის 90%-ს მიაღწევს, თუმცა ამავე ანგარიშში ტურიზმის აღდგენის რისკ-ფაქტორად ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა და დაგვიანებული ვაქცინაციის პროცესი სახელდება.

“მნიშვნელოვანია გადადებული მოთხოვნის ფაქტორიც, რომლის ეფექტიც სხვა ქვეყნებში გასული წლის ზაფხულშივე შესამჩნევი იყო, როდესაც საზღვრების გახსნასთან ერთად ტურიზმის ინდუსტრია მალევე აღდგა, თუმცა დაგვიანებული ვაქცინაციის ფონზე, ვირუსის შემობრუნებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რისკების გამო, საზღვრების ეტაპობრივი გახსნა, სავარაუდოდ, უფრო რაციონალური გადაწყვეტილებაა", - ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ტურისტული სექტორიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაკარგა.

რაც შეეხება მთლიანად ეკონომიკურ ზრდას, “თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა - 4%-ით, 2022 წელს კი 7.5%-ით უნდა გაიზარდოს.

დაკრედიტების ზრდის მხრივ, ორგანიზაცია წელს სესხების 9.5%-იან მატებას პროგნოზირებს.

“მაშინ, როდესაც იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამის დასრულება სესხების ზრდის ტემპს შეამცირებს, მშპ-ის ზრდა და გაუმჯობესებული ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის ინდექსები, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, სესხების ზრდას გააუმჯობესებს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.

“იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია ისედაც მაღალ ნიშნულზეა მოსალოდნელი და ასევე საგარეო დაფინანსების კუთხით მოზიდული სახსრები საკმარისია, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, ლარის კურსის სტაბილურობაა ნავარაუდები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარების ალბათობა გაზრდილია,” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.