07.მაისი .2020 12:45

WHO ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად კომისიის გაგზავნას გეგმავს

views 418
უკან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ WHO მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან კომისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, რადგან ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება, როგორ მოხდა კორონავირუსის წარმოშობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ვერსიები, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ვრცელდება არააკადემიურია, რადგან ჯერ საუბარი იყო, რომ ვირუსი ზღვის პროდუქტებისგან გაჩნდა, შემდეგ კი - ღამურებისგან. მისი განცხადებით, ოფიციალური პირებისთვის გადამწყვეტია იმის დადგენა, თუ საიდან ან როგორ წარმოიშვა ვირუსი.

„ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ჩვენს ჩინელ კოლეგებთან. ამ მოლაპარაკებების მიზანია ჩინეთში გაიგზავნოს სპეციალური კომისია, რომელიც ვირუსის წარმოშობის აკადემიურ ვერსიაზე იმუშავებს და მეტ სიცხადეს შეიტანს კორონავირუსის გაჩენასთან დაკავშირებით“- განაცხადა მარია ვან კერხოვემ კომფერენციაზე.

როგორც WHO-ის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, თუ არ მოხდება ვირუსის წარმოშობის ზუსტი მიზეზების დადგენა, მომავალში რთული იქნება ვირუსის მართვა და მისი ხელახალი გავრცელების შეჩერება.

7 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 3,821,494 შეადგინა, გარდაიცვალა 265,115 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,303,692 ინფიცირებული.