19.სექტემბერი .2020 00:10

WHO ე.წ კოვიდ-პასპორტების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს

views 509
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პასპორტების გამოყენება რეკომენდებული არ არის, იქედან გამომდინარე, რომ მეცნიერები ჯერ არ არიან დარწმუნებულები კოვიდ-19-ის ანტისხეულები ამცირებენ თუ არა თავიდან ინფიცირების შანსს.

ცნობისთვის, ვირუსის გავრცელების პირველ თვეებში ზოგ ქვეყანაში გაჩნდა სპეციალური სერტიფიკატები/პასპორტები, რომლებიც მიუთითებდნენ გადაიტანა თუ არა პაციენტმა კოვიდ-19. პასპორტის შემოწმების შემდეგ კი, როდესაც მგზავრი დაცულად იქნებოდა მიჩნეული, მათ სამოგზაუროდ უშვებდნენ.

ეს იდეა მეცნიერებმა არ მოიწონეს, რადგანაც ჯერ არ არის დადგენილი, თუ რამდენი ხანი რჩება გამოჯანმრთელებული პაციენტი იმუნური. ამის შესახებ WHO-ს ასისტენტ-დირექტორი ჯარბას ბაბროსა საუბრობს.

“ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვფლობთ, შესაბამისად, პასპორტებს რეკომენდაციას არ ვუწევთ. შემოწმებულ მგზავრს შეიძლება ეგონოს, რომ ვირუსისგან დაცულია, თუმცა ეს იმუნიტეტი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვით რჩებოდეს მას”, – განაცხადა მან.

ივნისში გამოქვეყნებული Nature Medicine-ის კვლევის მიხედვით, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში კორონავირუსის ანტისხეულები მხოლოდ 2-3 თვე რჩება. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 37 სიმპტომატური და 37 ასიმპტომატური პაციენტი შეადარეს ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა, მათ ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ანტისხეულების უფრო სუსტი აქტიურობა ჰქონდათ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ის ანტისხეულები, სხვა კორონავირუსების მსგავსად სხეულში მხოლოდ რამდენიმე თვით რჩება. ამიტომაც ეს სულაც არ არის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია.