17.ივნისი .2020 18:00

WHO "დექსამეტაზონზე" კვლევას მიესალმება

views 306
უკან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ისინი მიესალმებიან ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის წინასწარი შედეგების თანხმადაც, პრეპარატ "დექსამეტაზონს" COVID-ით კრიტიკულად ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიესალმება გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კვლევას, რომლის თავდაპირველი კლინიკური შედეგების თანახმად, "დექსამეტაზონს" COVID-19-ით დაავადებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია. სასუნთქი აპარატის საჭიროების მქონე პაციენტების შემთხვევაში სიკვდილიანობა ამ პრეპარატით მკურნალობით 1/3-ით მცირდება, ხოლო პაციენტებში, ვისაც მხოლოდ ჟანგბადი სჭირდება, 1/5-ით.

სარგებელი აღინიშნა მხოლოდ სერიოზულად დაავადებულ პაციენტებში, არ დაფიქსირებულა საშუალო და მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

„ესაა პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია შეამციროს სიკვდილიანობა იმ პაციენტებში, ვისაც ჟანგბადი ან სასუნთქი აპარატი ესაჭიროება. ეს ბრწყინვალე ამბებია და ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და მრავალ საავადმყოფოსა და პაციენტებს სამეფოში, ვინც ამ სიცოცხლის გადამრჩენ სამეცნიერო გარღვევაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადანომ გებრეისუსმა.