მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს გენერალური დირექტორი გართულებული მდგომარეობის გამო ჩინეთში მიემგზავრება

5e2eb4d6619bc
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 16:25
1671
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიეუ მიემგზავრება პეკინში, ჩინეთში, სადაც ის შეხვედრას გამართავს ჩინეთის მთავრობის წევრებთან და ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან ვუჰანის კორონავირუსის გავრცელების შესახებ. ამის შესახებ CNBC წერს. 

როგორც ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე მა სიაოვეი აცხადებს, კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

მა სიაოვეი აღნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც ვირუსის არანაირი სიმპტომი აღენიშნება ადვილად შესაძლებელია ინფექციის მატარებელი იყოს. ინკუბაციის პერიოდი, დაახლოებით, 10-14 დღეა.

„ეპიდემია უფრო სერიოზულ და რთულ ეტაპზე გადავიდა,” - თქვა მან და დასძინა, რომ ეპიდემიის გავრცელების ტემპი მატულობს და თუ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, ასე გაგრძელდება.

თავის მხრივ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ  მაქსიმუმს აკეთებს და მუშაობს 24/7-ზე ჩინეთის მხარდასაჭერად, ისინი ასევე ცდილობენ შეიმუშაონ ახალი რეკომენდაციები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და დაეხმარონ დაზარალებულებს.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებას და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.

ამ დრომდე ზუსტად უცნობია, თუ რა არის ვირუსის გავრცელების წყარო. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანიში ზღვის პროდუქტებიდან გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მოცემული მომენტისთვის 80 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში ამ დაავადების გამო და თითქმის 3000 დადასტურებული შემთხვევაა მთელს მსოფლიოში.