მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO საქართველოს წამლის ფასის რეგულირებისკენ მოუწოდებს - რა შემოსავლები აქვთ აფთიაქებს?

60f1949882491
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.21 22:00
3333
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს მთავრობას მედიკამენტების ფასების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ჯანდაცვის სერვისების ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისროს, ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს და ოჯახების გაღატაკებას.

არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის“, - ნათქვამია WHO-ს ქართული ოფისის კვლევაში.

თავის მხრივ, მედიკამენტების ფასების რეგულირების შესახებ 2020 წელს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ უწყება შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტების შექმნაზე მუშაობდა

საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე სამი მთავარი მოთამაშეა, ესენია “PSP”, “ავერსი” და “ჯიპისი/ფარმადეპო”. კომპანიებს ჯერ 2020 წლის ფინანსური შედეგები არ წარუდგენიათ, თუმცა საჯაროა მათი 2019 წლის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.

რა შემოსავლები აქვთ საქართველოში არსებულ სააფთიაქო ქსელებს?

საქართველოში ყველაზე ფართო სააფთიაქო ქსელი “ჯიპისის” აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 296 აფთიაქით საქმიანობს. მეორე ადგილზეა 268 აფთიაქით “ავერსის” ქსელი, მესამეზე კი - 235 აფთიაქით PSP-ს ქსელი. აფთიაქებთან ერთად ეს კომპანიები აქტიურად არიან წარმოდგენილი ფარმაცევტული პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზეც და ისინი სხვადასხვა კლინიკებსა და სახელმწიფო დაკვეთებს ემსახურებიან.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, სამივე კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2019 წელს 1.5 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის გაყიდვების მოცულობით და წმინდა მოგებით პირველ ადგილზე “ჯიპისია”.

1) “ჯიპისი/ფარმადეპო” - შემოსავალი 2019 წელს, 611.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 51.6 მილიონი ლარი;
2) “PSP” - შემოსავალი 2019 წელს, 499.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 26.3 მილიონი ლარი;
3) “ავერსი” - შემოსავალი 2019 წელს, 335.5 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარი.

სააფთიაქო ქსელები საკუთარი მომხმარებლების მოსაზიდად ფასდაკლებების ბარათების სისტემას იყენებენ. მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, “ავერსის” ლოიალურობის პროგრამაში სულ 1.6 მილიონი ბარათი არის გაცემული, ხოლო “ჯიპისის” ბარათით კი, 768 ათასი მომხმარებელი სარგებლობს.

თითოეული სააფთიაქო ქსელისთვის მთავარ ხარჯს მარაგების შესყიდვა წარმოადგენს. 2019 წელს “ჯიპისისთვის” გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 456 მილიონი ლარი, PSP-სთვის 380 მილიონი ლარი, “ავერსისთვის” კი 262 მილიონი ლარი იყო.

უკანასკნელ წლებში სააფთიაქო ქსელებისთვის განსაკუთრებულად მზარდი მიმართულება თავის მოვლის და კოსმეტიკური ნაწარმის გაყიდვები აღმოჩნდა. მაგალითად, "ჯიპისის" ქსელის შემოსავალმა კოსმეტიკის და პარფიუმერიის მიმართულებიდან 2019 წელს 143 მილიონი ლარი შეადგინა.