მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორის შერჩევას უახლოეს მომავალში დავიწყებთ"

60408e8dc4d59
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 11:37
1822
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარება.

„ანაკლიის პორტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ინვესტორის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლელობის გამო ვერ განხორციელდა, მაშინ როდესაც მთავრობა ყველანაირად მზად იყო ამისთვის.

„მთავრობას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭრა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ პროექტს საკანონმდებლო დონეზე გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის ძირითადი ვალდებულებები გადავადდა 3-ჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია, ჩვენ ავიღებთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მოწყობის ვალდებულებაც. ასევე, გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ საპარტნიორო ფონდი მზად იყო ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. თუმცა სამწუხაროდ ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის სასესხო დაფინანსების მოძიება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.