18.მაისი .2020 19:40

WHO: თამბაქოს 15-გრამიანი შეფუთვის კანონპროექტი ევროდირექტივას ეწინააღმდეგება

views 522
უკან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. WHO-ს შეფასებით, თამბაქოს 15-გრამიანი შეფუთვის დაკანონება ევროდირექტივასთან იქნება წინააღმდეგობაში. ამასთანავე, WHO-ს შეფასებით, ეს ნაბიჯი არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს შეძენას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

შეგახსენებთ, რომ 15-გრამიანი შეფუთვების დაკანონების შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება 2019 დეკემბერში შევიდა. მისი ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები გურამ მაჭარშვილი და გოგა გულორდავა არიან. ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს დოკუმენტი, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო.  

WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება:

“ჯანმოს ევროპის რეგიონში, თამბაქოს მოხმარების კუთხით, საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთი ლიდერია. კერძოდ, ზრდასრული მოსახლეობის მესამედი და ახალგაზრდების 15% თამბაქოს მოიხმარს და ქვეყანა თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად მშპ-ს დაახლოებით 2.4% -ს კარგავს.

2017 წელს, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის მიღება (რომელიც ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის პრინციპებს შეესაბამება) და მისი წარმატებით დანერგვის ძალისხმევა, თამბაქოს მოხმარების გავრცელების მაღალი მაჩვენებლების და მასთან დაკავშირებული ზიანის შესამცირებლად საქართველოსგან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო კარგი მაგალითია ჯანმო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაც და ამ გამოცდილების რეგიონულ და გლობალურ დონეზე გაზიარებას სიამოვნებით ვუწყობთ ხელს.

მიუხედავად ამისა, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, შესაძლოა, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს, თამბაქოს კონტროლის მდგრადი სისტემის დანერგვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის აქტიური ჩარევის გამო. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, COVID-19 კრიზისის დროს, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია თამბაქოს კონტროლის შესასუსტებლად და მომაკვდინებელი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იყენებს. ამიტომაც ინდუსტრიის ინტერესები ფუნდამენტურ და შეურიგებელ წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებთან.

ინფორმირებული ვართ თამბაქოს ინდუსტრიის არაერთგზის მცდელობის შესახებ, შეასუსტოს საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა. ერთ-ერთი მათგანი ეხება ე.წ. გასახვევი თამბაქოს, იგივე თუთუნის, ბევრად მცირე, 15 გრამიანი შეფუთვით გაყიდვის დაშვების მცდელობას. 15 გრამი ბევრად მცირეა, ვიდრე დღეს მოქმედი კანონი ითვალისწინებს. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს. ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დოქტორმა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ ამ საკითხთან დაკავშირებით, 2020 წლის 14 მარტს, სპეციალური წერილით საქართველოს პარლამენტს მიმართა.

თამბაქოს ნაწარმის მცირე შეფუთვებით გაყიდვა გაზრდის მის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაუცველი ჯგუფებისათვის. ჩარჩო კონვენციის მე -16 მუხლი კონკრეტულად ამ საკითხს არეგულირებს და ჯანმო-ს ქვეყნებს მოუწოდებ, ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა დაამკვიდრონ. სიგარეტების და თუთუნის შესაბამისი ზომის, 100 და 50 გრამიანი შეფუთვების დაკვიდრებით საქართველომ ეს უკვე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ შეესატყვისება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/40/EU დირექტივას თამბაქოს და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ თუთუნის შეფუთვა 30 გრამზე ნაკლებ პროდუქტს არ უნდა შეიცავდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაიცვან საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა და წინ აღუდგნენ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყოვლისმომცველი პოლიტიკის და კანონმდებლობის შესუსტების მცდელობას“, - აღნიშნულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაში.

კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის მიწოდების 15-გრამიან შეფუთვებში დაშვებას გულისხმობს, ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროქტის მიზანია, თამბაქოს ნაწარმის მიწოდების პირობების დაზუსტება, კერძოდ კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში მიწოდებისა, დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15 გრამიან საფუთავებშიც.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დღესდღეისობით არსებობს თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, ხოლო კანონპროექტის მიღების შემდგომ შესაძლებელი გახდება ზემოაღნიშნული პროდუქტის მიწოდება უკვე 15 გრამიან საფუთავებშიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა