მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO „ვაქცინის სერტიფიკატის“ შემოღებას მხარს არ უჭერს

60057be3917ce
ნათია თაქთაქიშვილი
18.01.21 17:45
1081
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მოგზაურობისას „ვაქცინის სერტიფიკატის“ შემოღებას მხარს არ უჭერს, რადგან თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, WHO აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა და ზოგიერთი დეტალი, მათ შორის რამდენად ამცირებს ის ვირუსის გადაცემის სიხშირეს, ამ დრომდე უცნობია. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვაქცინა მასობრივად ხელმისაწვდომი არ არის.

„ამ ეტაპზე ჩვენი რჩევა იქნება, არ შემოვიღოთ „ვაქცინის სერტიფიკატი“ მოგზაურობისას, რადგან კოვიდ-იმუნიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი ცნობილი ჯერ არ არის და ამას დრო სჭირდება. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით, ისევ მზარდია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები“, - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა ტეოდორ გებრეისუსმა.

WHO, ასევე, მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატმა არ უნდა გაათავისუფლოს საერთაშორისო მოგზაურები არსებული რეგულაციებისგან, რადგან ეს სამოგზაურო რისკებს გაზრდის.

ჯანმოს წარმომადგენელი დიდერ ჰუსინი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა სამოგზაურო შეზღუდვები აქვთ, მათ შორის საკარანტინე დროის და ტესტირებების მხრივ, შესაბამისად, მსოფლიო "ცოტათი პარალიზებული და დაბნეულია".

"WHO-ს კომიტეტის აზრით, ეს დროებითია და მთავარია, მოსახლეობამ გადაადგილება უსაფრთხო გარემოში შეძლოს“, - განაცხადა დიდრი ჰუსინმა.