მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ვაქცინის უსაფრთხოება პრიორიტეტულია

5f58bd35d9c44
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.20 18:10
736
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) AstraZeneca-ს მიერ ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ვაქცინის არსებობის აუცილებლობისა, მედიკამენტის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ის, რომ სისწრაფეზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ან გვერდი ავუაროთ იმას, რასაც ჩვეულებრივ გარემოებებში აუცილებლად გადავამოწმებდით. ეს პროცესი უნდა ჩატარდეს მკაცრი წესების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმ წამლების და ვაქცინების უსაფრთხოების შემოწმება, რომლებსაც ხალხს ვაწვდით", - განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სოუმია სვამინათანმა.  

სვამინათანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ ვაქცინის შექმნაზე დამოუკიდებლად იმუშაონ, გრძელ და რთულ გზას ირჩევენ. 

"ეს ის შემთხვევაა, რომელიც ერთობლიობას მოითხოვს, სხვაგვარად ქვეყნებს და ორგანიზაციებს მოუწევთ, მეტი ენერგიის დახარჯვა შედეგის მისაღებად. პირველი შემთხვევაა, როცა მილიარდობით დოზა ვაქცინაა საჭირო, ამიტომ აუცილებელია, ყველამ ერთობლივად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ, დამოუკიდებლად ცდილობს ვაქცინის განვითარებას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ უერთდება.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ა ვაქცინის ტესტირებას კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე აჩერებს, რადგან ტესტირების მონაწილე ერთ-ერთი პირი ცუდად გახდა, რაც შეიძლება, ვაქცინის გვერდით მოვლენას უკავშირდებოდეს.