მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ვლინდება COVID-19-ის ჰაერით გავრცელების მტკიცებულებები

5f06cf534dbf3
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.20 12:20
1369
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღიარებს, რომ ახალი კორონავირუსის ჰაერით გავრცელების "მტკიცებულებები ვლინდება“. ამის შესახებ კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ჩვენ განვიხილავდით ჰაერით და აეროზოლური გზით გავრცელებას, როგორც COVID-19-ის გადადების ერთ-ერთ გზას,“ განაცხადა WHO-ის წარმომადგენელმა მარია ვან კარხოვმა.

გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაცია აქამდე აცხადებდა, რომ COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით ხდებოდა, რომლებიც შედარებით მძიმეა და ძირს სწრაფად ეცემა.

თუმცა, ორშაბათს კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნიდან 239 მეცნიერი აწერდა ხელს, წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვირუსის ჰაერიდან გადადება თუ ბოლომდე დადასტურდა, ორგნიზაციის ზოგიერთი რეკომენდაცია შესაძლებელია შესაცვლელი გახდეს.