მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილის ანგარიშები დახურა - განმარტება

63ac18403ce0a
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.22 14:21
7937
Forbes-ის რუსული რედაქციის ცნობით, 200-მდე რუსეთის მოქალაქე საქართველოში ერთ-ერთი მსხვილ ბანკში „საქართველოს ბანკში“ ანგარიშების იძულებით დახურვის წინაშე დადგნენ.

Forbes-ის ინფორმაციით, 23 დეკემბერს, Telegram-ის ქსელში არსებულ ჩატში „საქართველოს ბანკები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის“ შეტყობინებები გავრცელდა: მომხმარებლები წერდნენ, რომ საქართველოს ბანკმა (BoG) მათთვის SMS და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო, რომელიც მათი ანგარიშების დახურვას შეეხებოდა.

ბანკი მომხმარებელს თანხის გასატანად სამიდან ხუთ დღეს აძლევდა. ანგარიშის დახურვის მკაფიო მიზეზები შეტყობინებებში აღნიშნული არ იყო და ამ გზავნილებში ბანკი მხოლოდ მის „წესებსა და პოლიტიკაზე“ და „მომსახურების ზოგად პირობებზე“ მიუთითებდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკმა“ ოფიციალური პოზიცია დღეს გავრცელებული განცხადებით გააჟღერა, სადაც სხვა რისკფაქტორებთან ერთად მომხმარებლისთვის ანგარიშის დახურვის ერთ-ერთი ფაქტორი კომერციული ბანკის უფლებამოსილებაა.

BM.GE "საქართველოს ბანკის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება კლიენტის უჩვეულო ან და მაღალი რისკის მატარებელ აქტივობას/ქცევას. კონკრეტულად კი, თუ ანგარიში გამოყენებულია სატრანზიტო მიზნით ან წარმოადგენს უმოქმედო ანგარიშს. ბანკის შიდა პოლიტიკის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების კლასიფიკაცია, მასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ბანკს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლის ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით. რადგან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი“ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს ანიჭებს სრულ უფლებამოსილებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები“, - ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.