მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC ნავთობის მიწოდებს ზრდის, თუმცა ბაზარზე ფასები მაინც არ მცირდება - რატომ?

629a1fb46a64f
გიორგი თოლორდავა
03.06.22 19:30
2122
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის. ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 648,000 ბარელით გაიზრდება, რაც თითქმის 200,000 ბარელით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

მიუხედავად მიწოდების ზრდისა, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები არ მცირდება, უფრო მეტიც, OPEC-ის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ბარელი ბრენტის ღირებულება 1%-ით გაიზარდა. ამჟამად ბარელი WTI Crude-ის საბაზრო ფასი 118 დოლარს შეადგენს, ხოლო Brent-ის - $119-ს აჭარბებს, ორივე შემთხვევაში სახეზეა ფასების ზრდა.

როგორც წესი, საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზარი მყისიერად რეაგირებს მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორების ცვლილებაზე, OPEC-ის გადაწყვეტილება კი მიწოდების მაჩვენებლის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენციის შენარჩუნების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სამომავლო მოლოდინებს უკავშირდება. ინვესტორები და ტრეიდერები ფიქრობენ, რომ მიწოდების 648,000 ბარელით გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე, რადგან ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების რიგით მეექვსე პაკეტის პირობებში ბუნებრივად შემცირდება რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდება, ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, დაახლოებით, ორი მილიონი ბარელით მეტი ნავთობია საჭირო, ვიდრე ეს OPEC-ის სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული.

„ინვესტორები ფიქრობენ, რომ OPEC-ის ქმედებას არ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე“, - განაცხადა საბროკერო კომპანიის OANDA-ს ანალიტიკოსმა ჯეფრი ჰაილიმ.

მეორე ძირითადი ფაქტორი ჩინეთის მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას და უმსხვილეს ქალაქებში ლოკდაუნების გაუქმებას უკავშირდება. მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებლის ეკონომიკური აქტივობისა და მობილობის აღდგენა საგრძნობლად გაზრდის ზეწოლას ნავთობის ფასებზე, ჩინეთისა და ევროკავშირის მოთხოვნის სათანადოდ დასაკმაყოფილებლად კი OPEC-ის მიერ ამჟამად განსაზღვრული კვოტა საკმარისი არ არის.

ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისის გადასაჭრელად მხოლოდ OPEC-ის გააქტიურება არ იქნება საკმარისი, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია, რომ პლანეტის უმსხვილესმა ენერგოექსპორტიორებმა - საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რადიკალურად შეცვალონ პოლიტიკა და ნავთობის მიწოდება არა სიმბოლურად, არამედ მნიშვნელოვნად, თითქმის მილიონი ბარელით გაზარდონ.