მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მშპ წელს 57.2 მლრდ ლარს მიაღწევს - ფინანსთა მინისტრი

60e2c70aa4430
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.21 13:00
1035
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარადგინა. მისი თქმით, განახლებული პროგნოზით წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7%-ით უნდა გაიზარდოს და მისმა ზომამ ნომინალურად 57.2 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.

2020 წელს მიმდინარე ფასებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 49.4 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად, ნომინალურად მშპ-ის ზომა 7.8 მილიარდი ლარით, ანუ 16%-ით იზრდება. ამ მატებაში რეალური ზრდა 7.7% უნდა იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ მაღალი ინფლაციის ფონზე ქვეყნის მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებელიც გაიზრდება. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, 7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი 60%-დან 54.6%-მდე მცირდება. 

მთავრობა წელს საგადასახადო შემოსავლების 720 მილიონი ლარით მატებას პროგნოზირებს, ხოლო მთლიანად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1.1 მილიარდი ლარით 19.5 მილიარდამდე გაიზრდება. ცალკეული სამინისტროების მიხედვით ყველაზე დიდი თანხა ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაემატებათ.

კონკრეტული სამინისტროებისთვის და პროგრამებისთვის დაფინანსების მატება ასეთია:

• დამატებით 446 მილიონი ლარი ჯანდაცვის ხარჯებზე მიიმართება;
• ბავშვთა სოციალური დახმარების გაორმაგებაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• დევნილთა განსახლებაზე დამატებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• სოფლის მეურნეობის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 177 მილიონი ლარი;
• ეკონომიკის ხელშეწყობისთვის დამატებით გამოიყოფა55 მილიონი ლარი;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით 220 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• განათლების დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება;
• სპორტის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება;
• 30 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.