მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი კანონის მიღებისას, მთავრობამ ბიზნესის ინფორმირების ვალდებულება უნდა აიღოს“ – MCB Georgia-ს გენდირექტორი

62d2d0deea825
ლიკა მეგუთნიშვილი
16.07.22 20:48
1208
მთავრობის დადგენილებით, 1-ელი ივლისიდან კომპანიები ვალდებულები არიან, საკუთარ შენობაში, სამუშაო სივრცეში, პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახი განათავსონ, ან ამ მიზნით სპეციალური ადგილი გამოყონ. პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები სპეციალური დანადგარებით უნდა იყოს აღჭურვილი, ამასთანავე, შესაძლებელი იყოს საკაცით გადაადგილება.

„როცა მთავრობა ახალ კანონს იღებს, იმის ვალდებულებაც უნდა აიღოს, რომ ბიზნესსექტორი ამის შესახებ სრულად ინფორმირებული იყოს“ - ასე ეხმაურება BMG-სთან კომპანია „ემ სი ბი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სანდრო რატიშვილი მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ რეგლამენტს.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაზე დაფუძნებული მსგავსი ტიპის ევროპული ვალდებულების ამოქმედება ცალსახად დადებითი პროცესია და სამუშაო ადგილებზე დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს, თუმცა კომპანია „ემ სი ბი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მთავარ პრობლემად კერძო სექტორის არაინფორმირებულობას ასახელებს.

„ხელისუფლება არ ცდილობს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული დადგენილების შესახებ და დეტალურად განუმარტოს, თუ რისთვის შემოდის ეს კანონი, რას ისახავს მიზნად და როგორ შეეხება თითოეულ კომპანიას.

სამინისტრომ უნდა გამოყოს გარკვეული რესურსი იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. თითოეულ ბიზნესსექტორს უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს ამ კანონის შემოღება მათ არა მხოლოდ ყოველდღიურობაზე, არამედ ხვალინდელ დღესა და მრავალწლიან პერსპექტივაზე. ჩვენ, ბიზნესმენები, ერთი დღით არ ვცხოვრობთ მომავალზე გათვლილი გეგმებისა და ბიუჯეტების მიხედვით, ამიტომ ნებისმიერი კანონმდებლობის შემოღების შესახებ ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს ინფორმაცია და ამის შესახებ ერთი დღით ადრე არ უნდა ვიგებდეთ“, - აცხადებს „ემ სი ბი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი სანდრო რატიშვილი.