მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოადგენს თუ არა რისკს მშპ-ის 80%-ს მიღწეული საბანკო სესხები? - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პასუხი

61542a8bd9975
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.21 12:55
973
ეროვნულმა ბანკმა დღეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საბანკო სესხების თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 80%-ს მიაღწია. ეს ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილ ვალის ტვირთზე მეტყველებს, რადგანაც პანდემიამდე ეს მაჩვენებელი მშპ-ის 70%-ზე დაბლა იყო. ამჟამად საბანკო სესხების მშპ-თან შეფარდებით საქართველო აღემატება ჩეხეთს, პოლონეთს, რუსეთს, ბულგარეთს, მოლდოვას, ლატვიას და სხვა ქვეყნებს.

BMG-იმ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას დაუსვა, რომლის განცხადებითაც, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელსაც სებ-ი აკვირდება. მისი განმარტებით, სწორედ დაკრედიტების მაღალი ტემპით იყო განპირობებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სებ-მა პანდემიამდე მიიღო და მიზნად ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილებას ისახავდა. ლეჟავას განმარტებითვე, ამ ცვლილებების შედეგად, საბანკო დაკრედიტებამ უფრო მეტად ბიზნეს სესხებისკენ გადაინაცვლა.

“გახსოვთ არაერთი განცხადება, რომ წინა პერიოდებში დაკრედიტების ზრდის ტემპი იყო ძალიან მაღალი. სესხების მშპ-თან თანაფარდობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რის საფუძველზეც ვიღებთ კონტრციკლური ბუფერის შესახებ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდში ჩვენ გვქონდა სესხების საკმაოდ მაღალი ზრდა, გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, განსაკუთრებით საცალო დაკრედიტების მიმართულებით, მათ შორის ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება და 200,000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის თაობაზე მიღებული წესები. ასევე საპროცენტო განაკვეთების თაობაზე ლიმიტის შემოღება, რაც პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად გაკეთდა. შედეგად, სასესხო პორტფელის რისკები შემცირდა.

ამ ცვლილებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ დაკრედიტების ზრდამ საცალო სესხებიდან გადაინაცვლა ბიზნეს სესხების მიმართულებით. მათ შორის მცირე და საშუალო და მსხვილი ბიზნესისკენ.

2020 წელს ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სესხების მშპ-თან ფარდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 80%-ს მიაღწია, 2021 წლის პირველ კვარტალში კი 84% გახდა, თუმცა ეკონომიკური აღდგენის პარალელურად ეს მაჩვენებელი შემცირდა და ის ამჟამად მშპ-ის 77%-ზეა,” - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.