მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსთაველზე GWP-ის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიც უნდა შემოწმდეს“ - მერის მოადგილე

610002db41aa2
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.21 17:00
912
„რუსთაველზე GWP-ის დაზიანებული მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიც უნდა შემოწმდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა რუსთაველის გამზირზე, GWP-ის დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.

„რუსთაველის გამზირზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა, რამაც გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია. უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა. სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აქ GWP-ის მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიცაა. პირველი რიგის სამუშაოა, რომ კონკრეტულად, ეს დაზიანება აღმოიფხვრას. ამის შემდგომ კი, უკვე პროვაიდერი კომპანიების მიერ თავიანთი ქსელების შემოწმება მოხდება. შესაძლოა, ისინიც იყოს დაზიანებული, თუმცა, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და მოძრაობაც აღდგება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ადგილზე იმყოფება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე, რომლის განცხადებითაც, მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გვიან ღამით აღუდგება.

„ჩვენი მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. დაზიანების მომენტშივე, დაიკეტა წყალმომარაგების ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილის დადგება, ასევე, საძიებო და მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ დაზიანების აღმოფხვრა მოხდეს. ეს მაგისტრალური მილსადენი მთაწმინდის რაიონის ნაწილს ამარაგებს. შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე, აღნიშნულ არეალში წყალმომარაგება შეზღუდული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელზე დაზიანების შედეგად, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე, გზის სავალი ნაწილი ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია დაზიანების აღდგენის სამუშაოები. გზის სავალ ნაწილს კომპანია დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ აღადგენს.