მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera: ნავთობის მოპოვების ლიცენზია კიდევ 7 წელი იქნება ძალაში

5f883c7e3eab6
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.20 17:31
1370
ენერგოკომპანია Frontera-ს გენერალური დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიას მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ამჟამად ნავთობის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს, ლიცენზია კიდევ 7 წლის განმავლობაში ექნება.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, Frontera-მ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობის 99% სახელმწიფოს გადასცა. ეს იყო ის ტერიტორია, სადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები არ ხორციელდებოდა. მამულაიშვილის თქმით, სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე ახალი ლიცენზიანტის შემოყვანისთვის ახალი ტენდერის გამოცხადება შეუძლია. ხოლო სალიცენზიო ფართობის 1%-ზე, სადაც კომპანია ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებდა ლიცენზია კვლავ ძალაშია.

“ჩვენ დავიტოვეთ ის ტერიტორიები, სადაც ხდება ნავთობისა და გაზის მოპოვება, დანარჩენი, ამ ტერიტორიების მიღმა რასაც ერქვა “საძიებო ფართობი” ის მთავრობას უნდოდა, რომ დაგვებრუნებინა და დავუბრუნეთ. იქ საძიებო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ანუ ინვესტიციები უნდა განახორციელონ. იქ ლიცენზია ჩვენი კუთვნილი არ არის,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ Frontera-ში რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, ხოლო მათ მიერ კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიები კი გაუქმდება. ზაზა მამულაიშვილის თქმით, ცვლილება არ შეეხება შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას”, რომელიც ოპერირებას გააგრძელებს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” 50%-იანი წილის მფლობელი ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენია, ხოლო 50%-იან წილს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კოპრორაცია ფლობს.

უფრო ვრცლად, Frontera-ში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.