23.იანვარი .2020 20:20

„წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება“ - მაია ზავრაშვილი

views 240
უკან

„ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე კონკრეტულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შედეგად უკვე მოიტანა ის, რომ ოპერატორმა კომპანიებმა გაზარდეს საწარმოო სიმძლავრეები, განახორციელეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც პოზიტიურად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად, ეკონომიკური ზრდაზე. მაია ზავრაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან.

„მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა. ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო 2 წელია ვახორციელებთ რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც გავხსენით და გავასაჯაროვეთ გეოლოგიური ფონდი, დავიწყეთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროაქტიული დაპაკეტება და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობამ, პარტნიორების დახმარებით, უკვე შეიმუშავა და დაამტკიცა სტრატეგია, ახლა მიმდინარეობს რეფორმის მეორე ფაზა მარეგულირებელი ჩარჩოს გასაახლებლად“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 150 000 დოლარით აღემატება. 21.2 პროცენტით არის ასევე გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც – 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 133 570.7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან. რაც შეეხება ოქროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა