მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WiFisher უკვე 8 ქვეყანაში ოპერირებს - როგორია ქართული სტარტაპის გეგმები?

5d4e9c610b794
ანნა ლაპიაშვილი
11.08.19 12:30
1662
ქართული სტარტაპ–კომპანია WiFisher ამ დროისთვის უკვე 8 ქვეყანაში ოპერირებს.

„WiFisher“-ის თანადამფუძნებლის ნოდო ივანიძის ინფორმაციით, ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს დამატებით კიდევ 6 ქვეყანაში განაგრძობს.

„სტაბილურად ჩვენი სისტემა 8 ქვეყანაში აყენია და მოლაპარაკება ამ ეტაპზე 6 ქვეყანასთან გვაქვს. შევცვალეთ სტრატეგია, რაც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა რეგიონს ველაპარაკოთ. პარტნიორებად ინტერნეტ პროვაიდერებს ვეძებთ. ასეთი თანამშრომლობა უკვე შედგა შვედეთსა და უგანდაში. ამ ქვეყნებში ჩვენს ინტერნეტ პარტნიორებს კომუნიკაციის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ და ჩვენს პროდუქციას ძალიან კარგი მარჟით ყიდიან. ეს ხელს გვიწყობს უფრო სწრაფად გავფართოვდეთ“, - ამბობს ნოდო ივანიძე.

„WiFisher“-ის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო ხელშეკრულება კომპანიამ ეგვიპტეში გააფორმა. ამ დროისთვის ქართული სტარტაპი 4 კონტინენტზეა წარმოდგენილი და უახლოეს მომავალში მისი დამფუძნებლები ავსტრალიისა და ამერიკის კონტინენტების ბაზარზე შესვლასაც არ გამორიცხავენ.

კომპანია WiFisher 2015 წლიდან სხვადასხვა ობიექტებში, მათ შორის კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ, მოცემულ ობიექტებში ინტერნეტით WiFi რეკლამა განათავსონ.