მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წიგნების რეალიზაცია განახევრებულია“ – covid-19-ის გავლენა საგამომცემლო საქმიანობაზე

5fb8fdccec07d
ლიკა გურაბანიძე
21.11.20 17:11
1111

წიგნის მაღაზიები და გამომცემლობები კვლავ რთულ ვითარებაში არიან. მათი წარმომადგენლები “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ პანდემიის მეორე ტალღამ შედარებით უკეთესობისკენ შეცვლილი სიტუაცია კვლავ გაართულა.

“ბიბლუსს”, რომლის ქსელი წიგნების 65 მაღაზიას აერთიანებს, ერთი ფილიალის დახურვა უკვე მოუწია.“ბიბლუსის” გენერალური დირექტორის თქმით, მათ ქსელებში მობილობა შემცირებულია და ძირითად პრობლემასაც სწორედ ეს წარმოადგენს. ირაკლი გაგნიძე აცხადებს, რომ წიგნების რეალიზაცია განახევრებულია.

“ქვეყანაში ინფიცირებასთან დაკავშირებით მდგომარეობა იცვლება და ამ მაჩვენებლებზე, ასევე, მოსახლოების ერთგვარ პანიკაზეც ძალიან დამოკიდებულები ვართ; როდესაც ინფიცირების შემთხვევები მატულობს, მობილობა მცირდება და შესაბამისად, გაყიდვები იკლებს. ამ გამოწვევას ლარის კურსის გაუფასურებაც ემატება. ამდენად, რეალიზაციის ნაწილში საკმაოდ სოლიდური კლება გვაქვს. ფასის შენარჩუნებას ვცდილობთ, თუმცა ამ ვითარებაში შეუძლებელია", - განაცხადა გაგნიძემ.

გაუფასურების მიმართულებით ლარის რყევები გავლენას ახდენს “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობაზეც, რომელიც ნედლეულის იმპორტს ახორციელებს. მისი დამფუძნებელი თინა მამულაშვილი ამ ეტაპზე უკვე გამოცემულ წიგნებზე ფასის ზრდას არ ვარაუდობს, თუმცა ახალი წიგნების დაბეჭდვის შემდგომ, სწორედ ლარის უცხოურ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურების გამო, წიგნებზე ფასის 5%-10%-იანი ზრდას არ გამორიცხავს.

“ზოგიერთ ძველ გამოცემულ წიგნებზე ფასის შენარჩუნებას ვცდილობთ, რადგან წიგნს ელასტიური ფასი არ აქვს და მისი გაძვირება მომხმარებლის შემცირებას გამოიწვვს", - აღნიშნა თინა მამულაშვილმა.

რაც შეეხება ონლაინ გამოცემებს, რომელთა შორის აღსანიშნავია, “საბა”, რომელიც საქართველოში წიგნების ყველაზე მსხვილი ონლაინ-პორტალია და რომელმაც პანდემიის პირველი ტალღის დროს მკითხველს 6 000-ზე მეტ წიგნზე უფასოდ წვდომის საშუალება მისცა; როგორც “საბას” დირექტორი აღნიშნავს, პირველი ტალღის დასრულების შემდეგ ონლაინ პლატფორმაზე შესული მკითხველების რაოდენობა და გაყიდვების მაჩვენებლები მზარდია.

“ტენდენცია გამოიკვეთა, რომ ონლაინ მკითხველთა რაოდენობა 20%-30%-ით გაიზარდა და დროთა განმავლობაში კიდევ იზრდება. პანდემიის პერიოდშიც ვაკვირდებოდით ამ დინამიკას და ის მზარდი იყო", - განმარტა ჯავახაძემ.