მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინ სერიოზული კრიზისი გველოდება - ივა ჭყონია

6297c06b89284
ალა ისპირიანი
02.06.22 00:28
8821
“დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში" კრიზისს პროგნოზირებენ. ივა ჭყონიამ "ტვ პირველის" ეთერში მოსალოდნელი კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სასურსათო მარაგებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. მან ასევე ბოლო დროს გაუფასურებული ლარისა და გაზის დაანონსებული გაძვირების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

"ენერგო მატარებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. წარმოებას, რომელიც გაზზეა დამოკიდებული, მისი გაძვირება სერიოზულად დაარტყამს. მათ შორის ისეთ კომპანიებს, რომლებიც საოფისე საქმიანობით არიან დაკავებული, მაგალითად სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც ასობით თანამშრომელი ჰყავს და ელემენტარული ოფისის გათბობა უნდა. ბიზნესი იძულებულია ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უძვირდება, ფასში ასახოს.

აუცილებლად უნდა ვთქვა ლარის კურსთან დაკავშირებით. თუ ლარი 2.80, 2.90 -ის ფარგლებში კურსს დაიჭერდა, რისი იმედიც მე პირადად არ მქონდა, შესაძლებელი იყო საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ჩვენ ფასები მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობდა ანუ ალოგიკურად დასტაბილურდა და ერთ დღეში ისევ 20 პუნქტით გაუფასურდა. ლარის სტაბილურობა ფასების შენარჩუნებას გამოიწვევდა, მაგრამ ლარის დოლართან გაუფასურება პირდაპირ პროპორციულად მიბმულია ფასების ზრდასთან.

ეს ჯერჯერობით დასაწყისიც არ არის. მსოფლიო ბაზარი, სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება და წინ სერიოზული კრიზისი გველოდება", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი 1 ივლისიდან გაძვირდება. ინფორმაცია გაზის მიმწოდებელმა კომპანიებმა გუშინ გაავრცელეს. გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებისთვისაც გაიზრდება. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ბოლო ორი დღეა იგი დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.