მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინა მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული 2 კანონპროექტი, რომლის განხილვაც გაგრძელდება

60210be7396ef
ინგა მურუსიძე
08.02.21 14:36
565
დღევანდელ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატად გელა მიქაძე წარმოადგინა, რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტმა დღეს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, X მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილთაგან კომიტეტი ორი კანონპროექტის განხილვას გააგრძელებს, ესენია: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით არის შემოსული და „კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ინიციატორიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი რომან კაკულიაა.

სხდომაზე აქტუალობიდან გამომდინარე კიდევ რამდენიმე კანონპროექტის განხილვის გაგრძელების საჭიროების შესახებ ისაუბრეს, კერძოდ, „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტისა და „ექსპლოატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული“ საკითხის თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ამ ეტაპზე მათი არგანხილვის მიზეზი ახსნა და განაცხადა.

„შენობების ექსპლოატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კანონის მიღების შემდეგ რედაქტირების და ცვლილებების შეტანის საჭიროება რომ არ ყოფილიყო, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი ეს კანონპროექტი არ განვიხილოთ და ველოდებით ახალ ინიციატივას, რომელზეც უკვე გვქონდა კონსულტაციები, მიმდინარეობს ახალი ფორმულირებით კანონზე მუშაობა და მოგვიანებით შემოვა პარლამენტში განსახილველად. რაც შეეხება აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ასევე აქტუალურია. ჩვენი კომიტეტი შეიმუშავებს ტურიზმის კანონს, რომელიც იქნება ჩარჩო კანონი და აგროტურიზმი იქნება მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ ფორმით გაგვეგრძელებინა ამ საკითხზე მუშაობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უნდა ემსჯელა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი, მთავრობის მიერ დასახელებული 6 კანდიდატის შესახებ, მაგრამ, იმის გამო, რომ წარმოდგენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი თვითიზოლაციაში იმყოფება და სხვა კანდიდატებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, კომიტეტმა მოსმენის გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.