მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წინანდლის მამულის ვილა ქოლექშენი“ - Silk Development-ის $25 მლნ-იანი პროექტი

63999ca64d01a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.22 10:50
1865
კახეთში, ჭავჭავაძეების წინანდლის მამულში კომპანია Silk Development-ი ახალ პროექტს „ვილა ქოლექშენს“ ახორციელებს. 25 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი Raddison Collection-ის და ორგანულ ვენახებს შორის გამოყოფილ 22 მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. მის ფარგლებში მყიდველს მიწის ნაკვეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს, რომელზეც სურვილის შემთხვევაში, “სილქ დეველოპმენტი” წინანდლის მამულის ვილების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს უზრუნველყოფს.

როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, პროექტით გათვალისწინებული მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და დღეისთვის მის ფარგლებში აშენებული წინანდლის მამულის ვილა უკვე ოპერირებს, მეორე ვილის მშენებლობა კი მიმდინარეობს, რაზეც 3 მლნ დოლარი დაიხარჯა.




„პროექტის ფარგლებში გაშენდება გამწვანებული ზონა, მოეწყობა საფეხმავლო გზები, ველო-ბილიკები და ავტოსადგომი. საპროექტო არეალი წინანდლის მამულების ისტორიულ ბოტანიკურ ბაღს ჰარმონიულად ერწყმის და ერთიან რეკრეაციულ ზონას ქმნის. მყიდველს სამი სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი ვილიდან ერთ-ერთის შერჩევა შეუძლია: ხის ვილა სახელით „მე-19 საუკუნე“, აგურის ვილა - „მე-20 საუკუნე“ და ქვის ვილა - „21-ე საუკუნე. ვილების ღირებულება განსხვავებულია და მიწის ფართობიდან და პროექტის მიხედვით 650 000-დან 1.4 მლნ დოლარამდე იცვლება. 

“წინანდლის ვილები” უნიკალური პროექტია, რადგანაც მობინადრეებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ წინანდლის მამულის მდიდარ ისტორიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის, ქართული კლასიკური მეღვინეობის მემატიანეს - ენოთეკას, 18 ჰექტარზე გადაჭიმულ უნიკალურ ბაღის და 40 ჰექტარზე გაშლილ ვენახების მეშვეობით“, - ამბობენ კომპანიაში.



Silk Development-ში განმარტავენ, რომ ვილის მფლობელებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში Raddison-ის ბრენდის სასტუმროებში სპეციალური ფასებით სარგებლობით შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, ვილების მფლობელები წინანდლის მუსიკალურ ფესტივალსა და წინანდლის მამულში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე პრიორიტეტული ბილეთებით და ინდივიდუალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

რაც შეეხება წინანდლის მამულის პირველ ვილას, კომპანიის გადაწყვეტილებით, ის მართვაში სასტუმრო Raddison Collection-ს გადაეცა და მისი დაჯავშნა მსურველებს მიმდინარე წლის ნოემბრიდან შეუძლიათ. ვილა მაქსიმუმ 10 ადამიანისთვისაა გათვლილი და აქ დასვენების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ ყველა სერვისით, მათ შორის საუზმით, ღია და დახურული აუზებით, „ენ სემონინ სპით“, სასტუმროში მოქმედი რესტორნებით და სხვა სერვისით ისარგებლებს. ერთი ღამით წინანდლის მამულის ვილა ქოლექშენში დასვენება კი, მსურველებს 2 500 ლარად შეეძლებათ.

Silk Development-ში აღნიშნავენ, რომ ჯერ ვილამ ოპერირება ერთი თვეა რაც დაიწყო და მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივი ბაზრიდანაა.