მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წინასაარჩევნო კამპანიაზე ძალიან დიდი თანხა იხარჯება, არადა ქვეყანა ღარიბია“ - ევროსაბჭო

5f9eb7dc41dd8
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 17:39
1752
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება, მაშინ როდესაც ქვეყანა ღარიბია.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ეს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ამომრჩეველზე.

"ეს საპარლამენტო არჩევნები ზოგადად თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვხატავთ სინანულს, რომ თქვენს ქვეყანაში მაინც არ არის ბოლომდე კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები ამ კამპანიის დაფინანსების და შეუზღუდავი დაფინანსების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნების სამართლიანობაზე და კარგ სიგნალს არ აძლევს თქვენს მოქალაქეებს.

თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება წინასაარჩევნო კამპანიაზე, არადა ქვეყანა ღარიბია. ლიმიტი არ არის დაწესებული - რამდენი შეიძლება საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯოს. რამდენიც საჭიროა, იმდენს ხარჯავენ. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს საფრთხეს ქმნის, შესაბამისად, ევროპის საბჭო და ოდირი სთხოვს და ხშირად ითხოვს იმას, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო, შეზღუდვები და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხები და როგორ იხარჯება.

მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს და ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს“, – განაცხადა ტინი კოქსმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს მოსახლეობას პანდემიის ფონზე არჩევნებში მონაწილეობის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო და დავაფასო ყველა მამაცი ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნებზე არსებობდა კოვიდის რისკი. ის ფაქტი, რომ თქვენმა ქვეყანამ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში, ეს აჩვენებს იმას, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, რომელიც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს მოქალაქეებზე. ახლა არჩევნების ორგანიზება აჩვენებს, რომ, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის პერიოდში არ შეიძლება, გვქონდეს ნაკლები დემოკრატია, პირიქით, ახლა უფრო გვჭირდება მეტი დემოკრატია“, - განაცხადა მან.