მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წისქვილებისთვის ქართული ხორბალი უფრო მიმზიდველია“ - რატომ შეიქმნა ხორბლის ჩაბარების პრობლემა?

647739077cbb9
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.23 00:30
623
წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ხორბლის ფასის მიხედვით წისქვილებისთვის ქართული ხორბალი უფრო მიმზიდველია, ვიდრე იმპორტირებული. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელი ფერმერების მიერ წისქვილებისთვის ხორბლის ჩაბარებას შეეხებოდა.

ლადო ბიძინაშვილმა განმარტა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ფერმერებიდან მიღებული ხორბლის 80% გადამუშავებისთვის ვარგისი არ იყო, რადგან ხარისხობრივ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. მისი ინფორმაციით, გასული წლის ხორბლის შემოწმება ლაბორატორიაში მოწმდება, რომელიც თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.

„ხორბლის შემოწმების ნაწილში რაიმე ზედმეტი კითხვა, რომ არ გაჩენილიყო, ჩვენი შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, ხორბლის შემოწმება თანამედროვე აპარატით მომხდარიყო, სადაც ადამიანური რესურსის ჩარევა საჭირო არ იყო. ხორბალი იყრება დანადგარში და ის გვაძლევს პასუხს. შესაბამისად, ხორბლის მონაცემები და სტანდარტები გაწერილია და ყველასთვის ცნობილია, რომელია საფურაჟე ხორბალი და საიდან იწყება გადამუშავებისთვის საჭირო ხორბალი, ამიტომ ვერ იტყვიან რომ ვიღაცამ ძალით დაიწუნა მათი ხორბლის ხარისხი.

გუშინ რამდენიმე ნიმუში გავაკეთეთ და სამწუხაროდ 80% ან ხარისხის ზღვრამდეა მისული, ერთი-ორი ნიმუში იყო, რაც გადამუშავებას შეესაბამებოდა.

ჯერ რას ვანიჭებთ უპირატესობას არ ვიცით, თუმცა დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე ქართული ხორბალი უფრო მიმზიდველია წისქვილებისთვის, ვიდრე იმპორტირებული. დღეს იმპორტირებულ და ქართულ ხორბლის ფასს შორის სხვაობა დაახლოებით 50 ლარია“, - განმარტა ბიძინაშვილმა.

წისქვილკომბინატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრობასა და დარგის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, წისქვილები ხორბალს ხარისხის მიხედვით ჩაიბარებენ, რომელიც 1 ტონაზე 650-დან 700 ლარამდე განისაზღვრა, რაც 1 კგ-ზე 70 თეთრია.


შეგახსენებთ, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ დღეს „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ფერმერები გასული წლიდან დარჩენილ ხორბალს წისქვილებს ვერ აბარებენ, რადგან შესამოწმებელი ნიმუშებიდან დიდმა ნაწილმა გადასამუშავებელი ხორბლისთვის საჭირო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.