მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წისქვილკომბინატები ამუშავდებიან... ამაზე ვმუშაობთ - გელა ხანიშვილი

6295cf8071970
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 12:18
1130
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დახურულ და გაჩერებულ წისქვილკომბინატებს, რომელებიც ნაწილობრივად ხორბლის იმპორტის და გადამუშავების მაგივრად, დღეს უკვე ფქვილის იმპორტს ახორციელებენ, ამუშავდებიან. აღნიშნულის შესახებ გელა ხანიშვილმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რა ელით წისქვილკომბინატებს, რომლებსაც ხორბლის ნაშთები მაისის ბოლოსთვის ეწურებათ და აქვს თუ არა მთავრობას ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის გეგმა, გიორგი ხანიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი საზოგადოების მაქსიმალურად დაბალფასიანი პურით უზრუნველყოფა იყო, წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის შემოტანისა და გადამუშავების პირობებში კი ეს ვერ მოხდებოდა.

„ამ რეალობაში, რომელიც რუსეთის პოლიტიკამ და ომმა გამოიწვია, საქართველოს მთავრობის მიერ პრიორიტეტი საქართველოს მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პურის შესაძლებლობის დატოვებას მიენიჭა. ჩვენ შეგვეძლო მოსახლეობისთვის პურის გაძვირება დაგვეშვა და მაშინ წისქვილები მუშაობას შეძლებდნენ. ყველაფერს თავის დრო და დინამიკა აქვს და ჩვენ ამას ვაკვირდებით. დღეს საქართველოში თითოეული მოსახლე ღებულობს მსოფლიოში ყველაზე იაფი ფქვილიდან წარმოებულ პურს, ამიტომ პრიორიტეტი ეს არის.

წისქვილების აბსოლუტური უმრავლესობა შეუსაბამობაშია ფასწარმოქმნიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ ახალ მოსავალს ველოდებით და ახალ გადაწყვეტილებებზე ვმუშაობთ, რომელიც მაქსიმალურად დააბალანსებს წისქვილების, ფერმერების, რომელიც საქართველოში ხორბალს აწარმოებენ, უშუალოდ პურის საცხობებისა, თუ ქარხნების და იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელიც სოციალურ პურზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხზე საუბრისას მხედველობაში სოციალური პური გვაქვს, ისე სხვა მხრივ ქვეყანაში 4-5 ლარიანი პურიც იყიდება, იმას ჩვენ არ ვეხებით“, - განმარტა ხანიშვილმა.

რეპლიკაზე, არ ელით წისქვილკომბინატებს, სოფლის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოვლენებს არ გაუსწრებს, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„წისქვილკომბინატებს განვითარება და ამუშავება ელით. თითოეული წისქვილკომბინატი, რომელიც გუშინ ხორბალს ამუშავებდა, დღეს თვითონ შემოაქვს ფქვილი, ამიტომ მათი ეკონომიკური აქტივობა არ გაჩერებულა, თუმცა გაჩერდა ხორბლის გადამუშავება.

მოდის ახალი სეზონი, რომელსაც ახალი გადაწყვეტილებები მოსდევს. ამაზე ვმუშაობთ, არ გვინდა დროს გავუსწროთ. ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება როგორც წისქვილკომბინატებისთვის, ისე პურის მეწარმეებისთვის“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაჩერებული წისქვილკომბინატების ამოქმედებისა და ხორბლის ახალი სეზონისთვის მომზადების მიზნით მიმართა. ინდუსტრია მთავრობას და ეკონომიკურ ბლოკს დარგის მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს, რაც თავის თავში პურის არ გაძვირებას მოიცავს.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ გასული წლის სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟის დაწესებამ, ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შემოტანა გაუძვირა. შედეგად ხორბლის იმპორტი შემცირდა და დღეისთვის ხორბლის მარაგი ქვეყანაში თითქმის აღარ არის. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილის იმპორტის ნაწილში. რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რამაც ადგილობრივ წარმოებებს ფქვილის იმპორტზე გადასვლა აიძულა. ხორბლის იმპორტის შემცირების ფონზე, დღეს ფქვილის იმპორტი 11-ჯერ არის გაზრდილი. ქვეყანაში ხორბლის მარაგების შემცირებამ ადგილობრივი წარმოებისა გაჩერება გამოიწვია, რაც ათასობით გათავისუფლებულ ადამიანს და ადგილობრივი ფქვილის და მეცხოველეობისთვის საჭირო საკვების წარმოების არ არსებობას იწვევს.