მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წისქვილკომბინატების პრობლემები: მეხორბლეებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეხვდება

62835f332316a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 12:50
982
ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან და წისქვილკომბინატების მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ BM.GE-ს განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე უწყების ხელმძღვანელი დღეს დაუკავშირდა და დარგში არსებულ რთული ვითარების გათვალისწინებით, მდგომარეობის გამოსწორებისა და ახალი სეზონისთვის წისქვილკომბინატების მომზადების გეგმაზე იმსჯელებენ.

"სამინისტროებიდან დაგვიკავშირდნენ და კომუნიკაციის შედეგად ყველა თანხმდება, რომ წისქვილკომბინატების მუშაობა უნდა აღდგეს, რისთვისაც ერთობლივად გრძელვადიანი გეგმა უნდა შემუშავდეს. დარგის და სახელმწიფო სტრუქტურების შეხვედრა უახლოეს დღეებში ჩაინიშნება და მასზე ასოციაციის დარგის განვითარების გეგმა და მთავრობის პოზიციები შეჯერდება. ეს გეგმა ხორბლის ახალი სეზონისთვის დარგის მომზადებას და წისქვილკომბინატების სტაბილური განვითარების გაგრძელებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი საკითხზე საუბრისას ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დარგში შექმნილ რთულ მდგომარეობამდე 50 წისქვილკომბინატი ოპერირებდა, თუმცა დღეისთვის მათი დიდი ნაწილი ფქვილის იმპორტზეა გადასული, ხოლო 20-მდე მსხვილი წისქვილკომბინატი წარმოებას აჩერებს.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს პრემიერ-მინისტრმა მეხორბლეების განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესება პურის ფასს გაზრდიდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ მალე ხორბლის ახალი მოსავლის აღების დრო მოვა და მარაგების პრობლემა არ იქნება. ამ განცხადების შემდეგ BM.GE-სთან ინტერვიუში ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ პრემიერთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ითხოვა და პრემიერს დარგის ყველა წარმომადგენლის სწორად ფუნქციონირების გეგმის წარდგენა შესთავაზა.