მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wissol-ში საწვავის ფასების 5 -10 თეთრით ზრდას პროგნოზირებენ

609bd1ec92eea
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 18:16
3658
კომპანია „ვისოლში“ საწვავის ღირებულების 5-10 თეთრით ზრდას პროგნოზირებენ. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ხორავამ საწვავის გაზრდილ ფასებზე საუბრისას განუცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნის შიდა ბაზარზე საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული.

„ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო და მომატებას აგრძელებს. შესაბამისად, ეს ტრენდი ჩვენს შიდა ბაზარზე აისახება. თუ ჩვენ ავიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენით შეიცვალა საწვავის ფასი წლის დასაწყისიდან, ვნახავთ, რომ დღემდე ფასი 200 დოლარითაა მომატებული. ფასების ზრდის დინამიკა ჩვენს რეალობაში, დაახლოებით, 50 თეთრის ფარგლებში მოხდა. რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, საწვავის ფასი სავალუტო კურსის გათვალებით, დაახლოებით, 60 -65 თეთრამდე უნდა გაიზარდოს, რომ მივიღოთ დაბალანსებული ნიშნული, რომელიც კომპანიების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებისა და ლარის გაცვლით კურსის გათვალისწინებით ცვლილებები კვლავ განხორციელდება. ეს დიდი ნახტომი არ იქნება; ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის ნიშნული, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა - 650 დოლარი შენარჩუნდება და ამ მოცემულობაში ფასების ზრდას 5-დან 10 თეთრამდე უნდა ველოდოთ“, - განმარტა ვასილ ხორავამ.

ცნობისთვის: „ვისოლის“ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები ასეთია: ეკო სუპერი – 3.02 ლარი; ეკოპრემიუმი – 2.95 ლარი; ევრო რეგულარი – 2.85 ლარი; ევრო დიზელი – 2.85 ლარი; ეკო დიზელი – 2.90 ლარი; დიზელ ენერჯი – 2.72 ლარი.