მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air: ფრენების ნებართვა მოვითხოვეთ, თუმცა, რეისების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება ნაადრევია

60421d828b1bc
ნათია თაქთაქიშვილი, სალომე მეცხვარიშვილი
05.03.21 15:57
1404
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადების შემდეგ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ადასტურებს, რომ მათ ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან(რომელიც 28 მარტს იწყება) ფრენების განახლების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მოითხოვეს. 

ფრენების ნებართვებზე შეტანილი განაცხადის მიუხედავად, ავიაკომპანია ისევ თავს იკავებს კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, როდის განაახლებს რეისებს.

“Wizz Air-ის ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენებზე ნებართვებისა და სლოტების მოსაპოვებლად 2021 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე, რომელიც 2021 წლის 28 მარტს იწყება. საუბარია 20 მიმართულებაზე, კვირაში 45 სიხშირით.

Wizz Air განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება.
ამ ეტაპზე ძალიან ადრეა კომენტარის გაკეთება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხზე სპეკულაციას არ დავიწყებდით, რადგან სიტუაცია ძალიან მერყევია ყველა ბაზარზე და მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ COVID-19-ის გავრცელებას ხელი შეუშალონ. Wizz Air ერთგული რჩება საქართველოსი და ქუთაისის აეროპორტიდან მუშაობის განაახლებს, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მოგვცემს”,- აცხადებს ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air მარტის ბოლოდან ფრენების განაახლებს და 20 მიმართულებით, კვირაში 45 სიხშირით იფრენს. თუმცა, აღნიშნული თარიღი თავად ავიაკომპანიამ არ დაადასტურა და თქვა, რომ ფრენებს განაახლებს მაშინ, როცა ის კომერციულად გამართლებული იქნება - ეს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქებამდე, რთული საპროგნოზოა.

მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა, რომ ნათია თურნავა განცხადების გაკეთებისას ეყრდნობოდა ავიაკომპანიის განაცხადს, რომელიც მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენების ნებართვების მოსაპოვებლად შეიტანეს. დღეს ავიაკომპანია ამბობს, რომ ნებართვა ნამდვილად აქვს მოთხოვნილი, თუმცა, ფაქტია, Wizz Air-მა თავად არ იცის, როდის განაახლებს ფრენებს.