მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოში რეგულარულ რეისებს არც აგვისტოში შეასრულებენ

5f16d1628c996
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.20 15:31
6583
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში პარიზის, მიუნხენისა და რიგას გარდა, საქართველოდან რეგულარული ფრენები არ შესრულდება. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში არ იფრენენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Ryanair-ი და Wizz Air-ი. მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების მაღალ სიხშირეებს ითხოვდნენ, რაზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობიდან უარი მიიღეს. 

ნათია თურნავას თქმით, WizzAir-ისგან ოფიციალურად ფრენების განახლების მზაობა 10 მიმართულებით იყო, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია.

„მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არის, რომ „რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, "ლუფთჰანზასთან" ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. "ვიზეარი" და "რაინეარი" ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს. ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი - ჯანმრთელობა დავიცვათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით საქართველო აგვისტოში ახანგრძლივებს შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე და  ქვეყნიდან რეგულარული ავიარეისები მხოლოდ 3 მიმართულებით შესრულდება.

"უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში ჩვენ კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს. Lufthansa იფრენს თბილისი-მიუნხენი-თბილისი, Air France-ი - პარიზი-თბილისი-პარიზი. ასევე, გააგრძელებს "ჯორჯიან ეარვეისი" კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით, 16 ფრენა ექნება. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი ძირითადად", - განაცხადა თურნავამ.