მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი იტალიის და გერმანიის მიმართულებით არ იფრენს - მიზეზი EU-ს რეგულაციებია

6053756c12f94
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.21 19:47
3493
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა. კომპანიის განცხადებით, გაუქმდა ფრენები გერმანიის და იტალიის მიმართულებით. კერძოდ ქალაქებში - ბერლინში, დრტმუნდში, მიუნხენში, ასევე მილანსა და რომში აღარ შესრულდება რეისები.

Wizz Air-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და კონკრეტულად კი ევროკავშირის ახალი რეგულაციებია. იტალიაში covid-19-ის შემთხვევების მატების გამო, 15 მარტიდან ახალი ლოქდაუნი გამოცხადდა. ქვეყანაში კარანტინის გარეშე შესვლა მხოლოდ შენგენის ზონის ქვეყნებიდან არის შესაძლებელი, რისთვისაც მათ 48 საათის ვადის ნეგატიური covid-19-ის ტესტი ესაჭიროებათ. გერმანიაში შესვლაც ამჟამად შენგენის ზონის ქვეყნებიდან და EU-ს მიერ დადგენილი "უსაფრთხო ქვეყნებიდან" არის შესაძლებელი.

Wizz Air-ის მიერ გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ანდრაშ რადო,  კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

"საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა ანდრაშ რადომ.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, Wizz Air-ს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს განაცხადი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და შეზღუდვები მისცემთ შესაძლებლობას, მალე განაახლონ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.